ვინ ხართ თქვენ, ანზორ ბიწაძე? ბურჯანაძის ვაჟი პოლიტიკასა და პირად ცხოვრებაზე

© Sputnik / Alex Shlamovანზორ ბიწაძე
ანზორ ბიწაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციური პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის - ნინო ბურჯანაძის უფროსმა ვაჟმა ანზორ ბიწაძემ ამასწინათ განაცხადა, რომ აპირებს, აქტიურად ჩაებას პოლიტიკურ ცხოვრებაში და უკვე სერიოზულ გეგმებსაც აწყობს.

როდესაც მას 23 წელი შეუსრულდა, ახალგაზრდამ უარი თქვა საზღვარგარეთ წარმატებულ კარიერაზე და სამშობლოში დაბრუნდა, რათა მხარში ამოსდგომოდა დედას, რომელიც იმ დროისთვის უკვე ოპოზიციაში იყო გადასული.

ნინო ბურჯანაძის ვაჟი დედის კვალს მიჰყვება

მიუხედავად იმისა, რომ ანზორი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა, მას პარტიაში მუშაობის უკვე 11-წლიანი გამოცდილება აქვს. როგორც ცნობილია, საქართველოში პოლიტიკური ძალები, მათ შორის, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“, საპარლამენტო არჩევნებისთვის აქტიურად ემზადებიან და ახალი ძალებითა და შემადგენლობით აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას. პარტიის პოლიტიკური საბჭოს ახალ წევრთა შორის ბურჯანაძის ვაჟი ანზორიცაა, რომელსაც დელეგატებმა ბოლო ყრილობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ვინ არის ანზორ ბიწაძე და რა გეგმები აქვს 33 წლის ამბიციურ პოლიტიკოსს, ამის შესახებ იგი „Sputnik-საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ესაუბრა.

© Sputnik / Alex Shlamovანზორ ბიწაძე
 ვინ ხართ თქვენ, ანზორ ბიწაძე?  ბურჯანაძის ვაჟი პოლიტიკასა და პირად ცხოვრებაზე - Sputnik საქართველო
ანზორ ბიწაძე

- სად მიიღეთ განათლება და რას საქმიანობდით ბოლო წლების განმავლობაში?

-სკოლა თბილისში დავამთავრე, აქვე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სწავლა განვაგრძე ინგლისში, შემდეგ კი შვეიცარიაში. 23 წლისა ვმუშაობდი შვეიცარიის საკმაოდ წარმატებულ ტრანსნაციონალურ კომპანიაში. მანამ იყო იურიდიული პრაქტიკა ვაშინგტონის მსხვილ იურიდიულ კომპანიაში. მაგრამ როდესაც ნინო (ასე მოიხსენიებს ანზორი დედას, ნინო ბურჯანაძეს, - რედ.) ოპოზიციაში გადავიდა, ნათელი გახდა, რომ მის წინაშე ახალი პოლიტიკური ასპარეზი იხსნებოდა, რომელსაც თან მოჰქონდა ჯერ კიდევ პრეზიდენტის პოსტზე მყოფ მიხეილ სააკაშვილთან ბრძოლის მოსალოდნელი რისკები. ჩემთვის უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, როგორ უნდა დავრჩენილიყავი ევროპაში, კარგ სამსახურში, დედას კი ამ დროს თბილისში სააკაშვილის წინააღმდეგ ბარიკადებზე ებრძოლა. ასე რომ - 23 წლისამ ყველაფერი მივატოვე და სამშობლოში დავბრუნდი.

„ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“. პარტიის ყრილობა - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე აქცენტებს ცვლის და საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება

-გამოდის, რომ უარი თქვით კარიერაზე, დედას რომ მხარში ამოსდგომოდით?

-დიახ, იმ ეტაპზე სწორედ ასე მოხდა. უარი ვთქვი სამსახურზე, გეგმებზე, წამომეწყო საკუთარი, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო პროექტები. თავს უფლებას ვერ მივცემდი, გვერდიდან მეყურებინა ყველაფრისთვის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. მიმაჩნია, რომ ბურჯანაძის არა მხოლოდ შვილი, არამედ თანამებრძოლიც ვარ, როგორც ცხოვრების გზაზე, ისე საქმიანობაშიც.

© Sputnik / Alex Shlamovანზორ ბიწაძე
 ვინ ხართ თქვენ, ანზორ ბიწაძე?  ბურჯანაძის ვაჟი პოლიტიკასა და პირად ცხოვრებაზე - Sputnik საქართველო
ანზორ ბიწაძე

-წლების შემდეგ გადაწყვეტილებას ხომ არ ნანობთ?

-არა, არც ერთი წამით! არსებობენ ადამიანები, რომლებიც პატივს სცემენ და მოსწონთ ის გზა, რომლითაც ჩვენი ორგანიზაცია მიდის. არიან ისეთებიც, რომლებიც მას აკრიტიკებენ. მაგრამ პირადად მე ვამაყობ, რომ ამ ბრძოლის მონაწილე გავხდი.

-ესე იგი, თქვენს არჩევანზე დედის პიროვნებამ იქონია გავლენა?

-რასაკვირველია, იმოქმედა. ეს ძალიან მახარებს. ამით ვამაყობ. წელს ჩვენი პარტიის საჯარო სახე გავხდი. ბევრი მირჩევდა, მეუბნებოდა, რომ არ იქნებოდა იოლი თავის დამკვიდრება დამოუკიდებელ პოლიტიკოსად, მით უფრო, როდესაც ნინო ბურჯანაძის შვილი ხარ. მაგრამ ეს სრულებით არ მაშინებს. პირიქით, ძალიან მახარებს და ღმერთის მადლობელი ვარ, რომ ასეთი ლეგენდარული დედა მყავს.

-არ გეშინიათ, რომ მთელი კარიერის განმავლობაში დედის ჩრდილქვეშ იქნებით?

-იცით, ჩრდილს არ დავარქმევდი. მან ჩვენი ორგანიზაციისთვის კოლოსალური შრომა გასწია. ჩვენ ღირსეულად და თავდაჯერებით განვაგრძობთ მის გზას. ასე რომ, ჩვენთვის ყველასთვის ძალიან დიდი პატივია მასთან ერთად მუშაობა და მის გვერდით დგომა.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: სააკაშვილი ცდილობს, რუსეთს აჩვენოს, რომ კარგი ბიჭი იქნება

-გასულ კვირას პარტიის რიგგარეშე ყრილობა გაიმართა. ფაქტობრივად, ორგანიზაციის რებრენდინგი განხორციელდა, ბევრი რამ შეიცვალა. რისთვის ემზადებით ასე აქტიურად?

-ვიჩქარეთ, რადგან ქვეყანა ღრმა პოლიტიკური კრიზისისკენ მიემართება. ეს ყრილობა ჩატარდა, რათა სასწრაფოდ გვეჩვენებინა ჩვენი თანამოაზრეებისა და თანამებრძოლებისთვის, როგორ ვაპირებთ ქვეყანაში არსებული იმ არაჯანსაღი გარემოს შეცვლას, რომელსაც ყველანი ვხედავთ. იცვლება დრო, ორგანიზაცია საზოგადოების ახალ მოთხოვნებს უნდა მოერგოს. ეს ყველაზე შესაფერისი დრო იყო რებრენდინგის დასაწყებად, გუნდის გასაახლებლად, მეტი შესაძლებლობის მისაცემად ადამიანებისთვის, რომლებიც უკვე ამდენი წელია, ჩვენთან მუშაობენ და ჩვენი ორგანიზაციის იდეალებისთვის იბრძვიან. ვფიქრობ, ყრილობა დროული იყო, მაგრამ ეს არ არის კულმინაცია - უბრალოდ დასაწყისია. ამ კვირიდან ვიწყებთ აქტიურ მუშაობას რეგიონებში. დროს იმისთვის გამოვიყენებთ, რათა ქვეყნის ყველა მხარე შემოვიაროთ, ადგილებზე განვაგრძოთ ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად გუნდის ჩამოყალიბება. სამუშაოს დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია. ვფიქრობ, დასაწყისი ეფექტური და წარმატებული იყო. იმედს ვიტოვებთ, რომ გაგრძელებაც არანაკლები იქნება.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე:  რა უნდოდა დღეს პანკისის ხეობაში სპეციალური დანიშნულების რაზმებს?

-რა როლი გეკისრებათ პარტიაში?

-ახლა ჩვენი პარტიის პოლიტიკურ საბჭოში ამირჩიეს, მაგრამ ამისკენ არაერთი წელი მივდიოდი. ტყუილუბრალოდ ხომ არ ამბობენ, არ არსებობს წინასწარმეტყველი სამშობლოში. ჯერ კიდევ 11 წლის წინ ამ ორგანიზაციაში საქმიანობა ყველაზე დაბალი საფეხურიდან დავიწყე, არავითარ საქმეს არ ვთაკილობდი. მივიღე გამოცდილება დადებითიც და უარყოფითიც. 11 წლის განმავლობაში ინტენსიური ბრძოლის ცოდნა დავაგროვე, ჩემმა თანამებრძოლებმა ჩათვალეს, რომ დადგა დრო, პოლიტსაბჭოში შევსულიყავი და უფრო საჯარო სახე გავმხდარიყავი. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება პირდაპირი კომუნიკაცია ამომრჩევლებთან. ვფიქრობ, სავსებით რეალურია 2020 წლამდე საქართველოს ყველა დასახლებული პუნქტის შემოვლა და ადამიანებთან გასაუბრება პირადად, მათთვის ჩვენი პოზიციის ახსნა, რადგან, სამწუხაროდ, ჩვენი მასმედიის მიმართ ნდობა ჩვენს ქვეყანაში ეცემა და ადამიანებს ურჩევნიათ, პოლიტიკოსებისა და პოლიტიკურ მოღვაწეთა პოზიცია უშუალოდ მათგან მოისმინონ.

-აპირებთ თუ არა დამდეგ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას?

-ამას ვერ დავადასტურებ, მაგრამ არც გამოვრიცხავ. არსებობს დაუწერელი კანონი, რომ პარტიული ორგანიზაციები არჩევნების წინ, გარკვეულ დრომდე, თავიანთ საარჩევნო სიებს არ აცხადებენ. ასე რომ, კორექტული დავრჩები. როდესაც ჩვენი მთავარი საბჭო ამ საკითხზე საჯაროდ საუბარს დაიწყებს, აუცილებლად გავაკეთებ განცხადებას.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: რუსეთთან მეგობრობა საქართველოს სტაბილურობას მოუტანს

-სად ხედავთ თქვენს მომავალს - პარლამენტსა თუ მთავრობაში?

-პირველ რიგში, ჩვენს ორგანიზაციას ვხედავთ მომავალ პარლამენტში სოლიდური შემადგენლობით, რათა რეალურად მოვახდინოთ გავლენა ქვეყნის ამჟამინდელ საშინაო პოლიტიკაზე. შემდეგ დრო გვიჩვენებს. იქ ვიქნები, სადაც ჩვენი პარტია იქნება. ვიქნები ჩვენს გუნდში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ადამიანი.

-არის თუ არა საკითხები, რომლებზეც თქვენ და ნინო ბურჯანაძეს განსხვავებული მოსაზრებები გაქვთ?

-საერთოდ, მე და დედა ძალიან ახლო მეგობრები ვართ. და როგორც კარგ მეგობრებს შეეფერებათ, ჩვენც ზოგჯერ ვკამათობთ ხოლმე. ბოლო დროს ასეთი საკითხების რაოდენობა სულ უფრო მცირდება. მაგრამ იყო დრო, როდესაც არ ვეთანხმებოდი იმ პოლიტიკას, რომელიც არა მხოლოდ მისი მხრიდან, არამედ, ზოგადად, ქვეყანაში ტარდებოდა. მაგალითად, ვფიქრობ, რომ ის წარმატებული რეფორმები, რომლებიც სააკაშვილის დროს გატარდა, ქვეყანას ძვირად დაუჯდა. იყო გარკვეული უთანხმოება პირად დონეზე, როდესაც ამ საკითხებს ვიხილავდით. ახლა, თუ ჩვენი შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა, მე, როგორც პარტიის მთავარი საბჭოს წევრი, ამის შესახებ პირდაპირ სხდომაზე ვაცხადებ.

© photo: courtesy of Anzor Bitsadzeნინო ბურჯანაძე პატარა ანზორ ბიწაძესთან ერთად
 ვინ ხართ თქვენ, ანზორ ბიწაძე?  ბურჯანაძის ვაჟი პოლიტიკასა და პირად ცხოვრებაზე - Sputnik საქართველო
ნინო ბურჯანაძე პატარა ანზორ ბიწაძესთან ერთად

-რაც შეეხება საგარეო პოლიტიკასა და რუსეთთან ურთიერთობას - როგორია თქვენი პოზიცია?

-ვითარება ჩიხშია შესული. დღევანდელმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, ვერ გაბედა რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირ დიალოგზე წასვლა. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია, რის გამოც ოპონენტები პრორუსულ ძალას გვიწოდებენ. მაგრამ სინამდვილეში ამ პოზიციის უკან არანაირი პრორუსული მისწრაფებები არ დგას. უბრალოდ ეს ჩვენი სამშობლოს ინტერესია - დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, რათა ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა. რუსეთთან პირდაპირი დიალოგის გარეშე, მის პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის მოგვარების გარეშე, ეს უბრალოდ მიუღწეველია. ამის შესახებ ღიად საუბრობს ბევრი ევროპელი პოლიტიკოსიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მეგობრებად ითვლებიან. საქართველოს არ სჭირდება პოლიტიკოსები, რომლებსაც რამის ეშინიათ, ან რაღაც პირადი მოსაზრებების გამო არ სურთ რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობა. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკოსები, რომლებსაც თავიანთი სამშობლო უყვართ და რუსეთის ესმით.

© photo: courtesy of Anzor Bitsadzeანზორ ბიწაძე ოჯახთან ერთად
 ვინ ხართ თქვენ, ანზორ ბიწაძე?  ბურჯანაძის ვაჟი პოლიტიკასა და პირად ცხოვრებაზე - Sputnik საქართველო
ანზორ ბიწაძე ოჯახთან ერთად

-რას იტყვით ევროკავშირთან და ნატოსთან ურთიერთობაზე?

-ჩვენ უკვე დიდი ხანია, მივესალმებით საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ. თავის დროზე, ხელისუფლებაში ყოფნისას, ამ მიზნის მისაღწევად ნინოსაც ბევრი აქვს გაკეთებული. რაც შეეხება ნატოს, ყველაფერი ძალიან მარტივია. ალიანსის წესდებაში არის მე-5 პუნქტი, რომელიც უკრძალავს მას ისეთი ქვეყნების მიღებას, რომელთაც ტერიტორიული კონფლიქტები აქვთ მოსაგვარებელი. ვფიქრობ, ყველა, ვისაც სურს ნატოში დანაწევრებული ქვეყნით შესვლა - ან ვერ აცნობიერებს ამის შედეგებს, ან უბრალოდ მავნებელია. ჩვენი აზრით, საქართველოს გაწევრიანება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ჩვენი ქვეყნის ინტერესებში არ შედის.

ცოტაოდენი პირადზე

-თქვენი ბავშვობის ყველაზე ნათელი, დასამახსოვრებელი მოგონება...

-ესეც პოლიტიკას უკავშირდება. 1999 წელს ნინომ სტამბოლში ეუთოს სამიტზე წამიყვანა. მერვე კლასში ვსწავლობდი. მაშინ სხვადასხვა სახელმწიფოს თორმეტი პრეზიდენტი გავიცანი. შემომრჩა ბევრი ერთობლივი ფოტო და მერვეკლასელისთვის ერთ დღეში თორმეტი პრეზიდენტისთვის ხელის ჩამორთმევა, დამეთანხმებით, ძალიან დასამახსოვრებელი მოგონებაა. შემდეგ უკან დავბრუნდით დელეგაციასთან ერთად პრეზიდენტის თვითმფრინავით. მოკლედ, დაუვიწყარი იყო...

© Sputnik / Alex Shlamovანზორ ბიწაძე
 ვინ ხართ თქვენ, ანზორ ბიწაძე?  ბურჯანაძის ვაჟი პოლიტიკასა და პირად ცხოვრებაზე - Sputnik საქართველო
ანზორ ბიწაძე

-თქვენი ცხოვრების ყველაზე მძიმე მომენტებს თუ გაიხსენებთ?

-მძიმე მომენტები ჩვენს ცხოვრებაში საკმარისზე მეტი იყო. მაგრამ ეს გზაც თავად ავირჩიეთ და არ ვნანობთ. თუ შედარებით ახლო წარსულს გავიხსენებ, 2011 წლის 26 მაისს იყო მომენტი, როდესაც არ ვიცოდი, საერთოდ ცოცხალი იყო თუ არა (ნინო), ჯანმრთელი იყო თუ არა. არც მამაჩემის, ბადრი ბიწაძის ასავალ-დასავალი ვიცოდი. იგი იძულებული იყო, ქვეყნიდან სააკაშვილის რეჟიმს გაქცეოდა. მაშინ იმ ადამიანებთან ვიყავი, რომლებიც მხარს გვიჭერდნენ და ჩვენ გვერდით იდგნენ. ეს, რასაკვირველია, ძალიან მძიმე მომენტი იყო. სხვაც ბევრი რამ მომხდარა, მაგრამ სწორედ ეს დღე დარჩება სამუდამოდ ჩემს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე მოგონებად.  (ანზორ ბიწაძე მხარს უჭერდა დედას და აქტიურად მონაწილეობდა ოპოზიციის საპროტესტო აქციებში 2011 წელს მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს. სპეცრაზმმა ანზორ ბიწაძე 2011 წლის 26 მაისს დააკავა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც იგი დედასთან ერთად იყო მისული აქციის დარბევის დროს დაშავებულთა მოსანახულებლად, - ავტ.). უფრო ადრინდელი მოგონებებიდან გავიხსენებდი 1998 წელს მამაჩემზე თავდასხმას. მაშინ ააფეთქეს ლიფტი, რომლითაც ის ბინაში უნდა ასულიყო. სიკვდილს შემთხვევით გადაურჩა, რამდენიმე მეტრის წყალობით...

© photo: courtesy of Anzor Bitsadzeანზორ ბიწაძე მამასთან - ბადრი ბიწაძესთან ერთად
 ვინ ხართ თქვენ, ანზორ ბიწაძე?  ბურჯანაძის ვაჟი პოლიტიკასა და პირად ცხოვრებაზე - Sputnik საქართველო
ანზორ ბიწაძე მამასთან - ბადრი ბიწაძესთან ერთად

-რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი?

-ეს არის მთავარი, რაც გამაჩნია. ძალიან მეგობრული და მტკიცე ოჯახი გვაქვს. იმ რთულ პერიოდებში, რომელთა გამოვლაც არაერთხელ მოგვიხდა, ცხოვრების ყველა ქარტეხილს ვერ გავუმკლავდებოდით, რომ არა ჩვენი ოჯახის სიძლიერე და სიმტკიცე.  

-დაქორწინებული არასდროს ყოფილხართ?

-არა, დაქორწინებული არ ვყოფილვარ. ამის დრო არ მქონდა, განსაკუთრებით ბოლო 12 წლის განმავლობაში... მეუღლე არასდროს მყოლია, მაგრამ, იმედი მაქვს, ახლო მომავალში მეყოლება.

-უკვე არის თქვენს ცხოვრებაში ვინმე?

-ამ კითხვაზე მხოლოდ ყველაზე ახლობელ ადამიანებს ვპასუხობ. ასე რომ, პასუხისგან ჯერ თავს შევიკავებ.

ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
ბურჯანაძე: ივანიშვილი განერვიულდა, მაგრამ დაიმსახურა ეს

-პირველი სიყვარული თუ გახსოვთ? როდის იყო?

-სკოლის პერიოდში, მაგრამ ასაკთან ერთად სიყვარულზე შეხედულებაც იცვლება. ვიდრე არ გაარკვევ, რა არის „სიყვარული“, ვერ მიხვდები, როდის იყო პირველი, როდის - მეორე...

-რას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანებში?

-პირველ რიგში, ერთგულებას, და არა მხოლოდ გარშემომყოფების მიმართ; ადამიანი პრინციპების ერთგულიც უნდა იყოს. კიდევ ძალიან მიყვარს გაბედული ადამიანები.

-ვინ არის თქვენთვის ქალის იდეალი?

-დედაჩემი. საერთოდ აღფრთოვანებული ვარ მიზანსწრაფული ქალებით, რომლებიც ცდილობენ, რამე შექმნან ამ ქვეყანაზე, დატოვონ კვალი და ამავდროულად ასწრებენ, იყონ ძლიერი ოჯახის კარგი დიასახლისები.

© Sputnik / Alex Shlamovანზორ ბიწაძე
 ვინ ხართ თქვენ, ანზორ ბიწაძე?  ბურჯანაძის ვაჟი პოლიტიკასა და პირად ცხოვრებაზე - Sputnik საქართველო
ანზორ ბიწაძე

-რომელია დედათქვენის მომზადებული თქვენი საყვარელი კერძი?

-ტკბილეულით, რომელსაც ის ამზადებს, თამამად შეიძლება გაუმასპინძლდე მსოფლიოს საუკეთესო რესტორნების სტუმრებს. მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ჩემთვის მომზადებული შოკოლადის მუსი კონიაკით.

-თქვენი საყვარელი საქმიანობა ან ჰობი? თავისუფალ დროს რას აკეთებთ?

-ძალიან მიყვარს თხილამურებით სრიალი, უბრალოდ ვარჯიშიც. მიყვარს კითხვა და კარგი ფილმების ყურება, შემდეგ კი მათ შესახებ კრიტიკოსთა მოსაზრებების გაცნობა; შეიძლება ითქვას, რომ ამას სერიოზულად ვუდგები. მიყვარს იაპონური ფილმები. ოქროს საუკუნის იაპონური ფილმების ჩემი საყვარელი რეჟისორები არიან აკირა კუროსავა და კენძი მიძოგუტი. იყო დრო, როდესაც რამდენიმე წელი ავტოსპორტით ვიყავი გატაცებული, მაგრამ ეს ჰობი წარსულს ჩაბარდა, რადგან მას დიდი დრო მიაქვს. კლასიკურ ლიტერატურას დედის წყალობით ვეცნობოდი, სწორედ მან მიმაჩვია კითხვას. მაგრამ ბოლო წლებში მიწევს უფრო მეტი ისეთი წიგნის წაკითხვა, რომელიც ეხება ისტორიას, საერთაშორისო ურთიერთობებს, პოლიტტექნოლოგიებს და ა.შ. სხვათა შორის, მე და დედას ასეთი ტრადიცია გვაქვს: მოსკოვში ყოფნისას, პირველ რიგში, არბატზე, ცნობილ წიგნის სახლში მივდივართ. ერთად ვარჩევთ წიგნებს, შემდეგ მეც რაღაცას ვკითხულობ, ისიც კითხულობს და ვცდილობთ, განვიხილოთ.

-ყველაზე მეტად რის გეშინიათ ცხოვრებაში?

-ყველაზე მეტად მეშინია, არ ვუმტყუნო იმ ადამიანებს, რომელთაც ჩემი იმედი აქვთ. ასეთი კი ბევრია.

 

ყველა ახალი ამბავი
0