თბილისი, 2 ივნისი - Sputnik. „გამარჯვება იწყება დღეს“ - ამ ლოზუნგით პარლამენტის ექს-სპიკერ ნინო ბურჯანაძის პარტია აქტიურად და ახალი ძალებით იწყებს მზადებას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.
კვირას თბილისში პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ რიგგარეშე ყრილობა ჩატარდა. პარტია დაარსებიდან 11 წელიწადს ითვლის.
პარტიის შემდგომი მუშაობის პრიორიტეტებზე ბურჯანაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა იწყება ახალი ეტაპი პარტიისთვის და, პრინციპში, პოლიტიკური ცხოვრებისთვის საქართველოში. რადგან არჩევნები მოახლოებულია, ქვეყანა კი საშინელ სტაგნაციას განიცდის. და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დაგვეწყო არჩევნებისთვის მზადება. ჩვენს პოლიტიკურ ძალას შესანიშნავად ესმის ის პრობლემები, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას და ჩვენ ამ პრობლემების მოგვარება შეგვიძლია. და ჩვენ ნადვილად ვიბრძოლებთ იმისათვის, რომ მოვიდეთ ხელისუფლებაში, რადგან საგარეო და შიდა პოლიტიკაში ბევრი რამ არის რეალურად შესაცვლელი... ჩვენ დავიწყეთ მუშაობა და არჩევნებისთვის ვემზადებით“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, ამ ბრძოლის მთავარ საკითხად ბურჯანაძეს საარჩევნო სისტემის შეცვლა მიაჩნია.
ბურჯანაძის პარტია, როგორც ბევრი სხვა ოპოზიციური პარტია, წინააღმდეგია, რომ 2020 წლის მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატები იყონ. ისინი მოითხოვენ, რომ არჩევნები მხოლოდ და მხოლოდ პროპორციული სისტემით, ანუ პარტიული სიებით ჩატარდეს. ამჟამინდელი კონსტიტუციის მიხედვით, პარლამენტის 77 დეპუტატს პარტიული სიებით ირჩევენ, ხოლო 73-ს - ერთმანდატიან ოლქებში.
„საარჩევნო სისტემის შეცვლის გარეშე ქვეყანა არასტაბილური დარჩება. რადგან, ის, რაც ახლა ხდება, როდესაც არჩევნებს პირდაპირ ყიდულობს ბიძინა ივანიშვილი, როდესაც არჩევნები აზრს კარგავს - ეს სრულიად მიუღებელია. რადგან, როდესაც ადამიანებს ეჭვი ეპარება იმაში, რომ არჩევნებით რაიმეს შეცვლას შეძლებენ, ისინი ქუჩაში გამოსვლას იწყებენ. ამიტომ მიმაჩნია, რომ ახლა ყველა ოპოზიციური პარტია უნდა გაერთიანდეს იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო შეიცვალოს“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისი ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა საარჩევნო სისტემის შეცვლის მხარდასაჭერად უკვე 300 ათასზე მეტი ხელმოწერა შეაგროვეს, რომელიც უახლოეს მომავალში პარლამენტში გაიგზავნება. საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებისთვის 200 ათასი მოქალაქის ხელმოწერაა საჭირო.
„მომდევნო კვირაში ხელმოწერებს ერთად შევიტანთ პარლამენტში. დაახლოებით 300 ათასი უკვე შეგროვებულია. პარლამენტი ვალდებულია განიხილოს კანონპროექტი. მაგრამ ხელმოწერების შეგროვება გრძელდება, რადგან ჩვენ ერთი მილიონი ხელმოწერის პირობა დავდეთ“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
საგარეო პოლიტიკა
შიდა პოლიტიკის გარდა, ბურჯანაძემ საგარეო პრიორიტეტებზეც ისაუბრა, რასაც პირველ რიგში მეზობლებთან ურთიერთობების მოგვარება წარმოადგენს.
„მეზობლებთან ურთიერთობების ნორმალიზება - ეს არის ქვეყნის ეკონომიკური და სტაბილური განვითარების გარანტია. მე ცალსახად განვაცხადე, რომ თუ ვინმეს არ ესმის, რომ საქართველოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია რუსეთთან პირდაპირი დიალოგის წარმოება, ასეთი ადამიანის ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტის დარეგულირების გასაღები ოთხ ადგილას ინახება: თბილისში, სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში, აღნიშნა მან. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება 90-იანი წლების დასაწყისიდან ვერ აკონტროლებს.
„ეს ოთხი გასაღები ერთობლივად უნდა გამოვიყენოთ. ამიტომ საჭიროა ვაწარმოოთ პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან, ოსებთან. მათ შორის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ლიდერებთან. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიღებთ ან ვაღიარებთ ამ რესპუბლიკების დამოუკიდებლობას. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უბრალოდ პატივს ვცემთ იმ ადამიანებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დარჩნენ და რომლებმაც ეს ადამიანები თავის წარმომადგენლებად აირჩიეს. მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიძრას ადგილიდან, თუ გვინდა ამ პრობლემის დარეგულირება“, - აღნიშნა მან.
ბურჯანაძის თვალსაზრისით, უნდა იყო პრო-ქართული და იხელმძღვანელო ქართველი ხალხის, და არა რომელიმე სხვა სახელმწიფოს ან ორგანიზაციის ინტერესებით.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული ქვეყანა. ჩვენ ბევრი რამ უნდა ვისწავლოთ ევროპისგან, ავიღოთ მისგან ყველაფერი კარგი და შევისწავლოთ ის პოზიტიური ნაბიჯები და რეფორმები, რომელიც იქ გატარდა. მაგრამ ბრმად ყველაფრის გადაღება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. და, რა თქმა უნდა, უნდა შევინარჩუნოთ ის ფორმატები და ურთიერთობები, რომელიც აქამდე გაგვაჩნდა. უნდა შევწყვიტოთ ნატოს გაფეტიშება. შევწყვიტოთ იმის მტკიცება, რომ ნატო ყველა ჩვენს პრობლემას გადაჭრის. იმიტომ რომ ეს არ არის სიმართლე. ყველა ორგანიზაციასთან, ყველა სახელმწიფოსთან უნდა ვითანამშრომლოთ მხოლოდ ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. უნდა იყო პრო-ქართული და იმოქმედო ქართველი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე. და არა რომელიმე სხვა სახელმწიფოს თუ ორგანიზაციის ინტერესებში“, - ხაზგასმით აღნიშნა მან.
სიახლეები პარტიაში
პარტიის რიგგარეშე ყრილობას თავად ლიდერებმა „სიახლეების ყრილობა“ უწოდეს. ყრილობის 439-მა დელეგატმა პარტიის პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცა, რომელშიც 18 ადამიანი შევიდა. მათ შორის არის ბურჯანაძის ვაჟი - ანზორ ბიწაძე.
„პირველ რიგში მინდა დამაჯერებლად განვუცხადო ჩვენს თანამოაზრეებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ გამარჯვება იწყება დღეს. ჩვენი პარტია დღეს ძალიან აქტიურ მუშაობას იწყებს. რა თქმა უნდა, 11 წლის განმავლობაში ჩვენს პარტიაში სხვადასხვა თანამდებობებს ვიკავებ და შემდგომში ვაპირებ უფრო აქტიურად ჩავერთო პარტიის და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. რადგან ჩვენ გვჭირდება ცვლილებები, ჩვენ გვჭირდება პროგრესი. და დამაჯერებლად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი პარტია 2020 წლის არჩევნებისთვის თავის სათქმელს იტყვის“, - განაცხადა ბიწაძემ „Sputnik-საქართველოსთან“ საუბრისას.
პარტიის პოლიტსაბჭოს გარდა, სიახლე შეეხო ასევე პარტიის სახელწოდებას, რომელშიც აქცენტები შეიცვალა - „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ნაცვლად ამიერიდან მისი სახელწოდებაა „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“.
შეიცვალა ასევე პარტიის სიმბოლიკა. პარტიის ნარინჯისფერ ლოგოზე გამოსახულია მუხა 33 ლურჯი ვარსკვლავით, როგორც ერთიანობის, პროგრესისკენ სწრაფვის და აღორძინების სიმბოლო. მუხა კი ძალის, ერთიანობის, სიმტკიცის სიმბოლოა. ვარსკვლავები - უსასრულობის და იდეალების სიმბოლოა, ნარინჯისფერი - ოპტიმიზმსა და თავისუფლებას, ხოლო ლურჯი - სამართლიანობას, ერთიანობას და სტაბილურობას ნიშნავს.