ნინი რაზმაძე
- ადამიანის ორგანიზმი გარდატეხის ასაკში იცვლება და ვითარდება, რასაც თან სდევს ვიზუალური, ფიზიოლოგიური და ბიოლოგიური სახის ცვლილებები. როდესაც ბავშვს ცნობიერება უყალიბდება და უვითარდება, იმ მომენტიდან არის შესაძლებელი მისთვის სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. არ არის სწორი ბავშვს ვუთხრათ, რომ წერომ მოიყვანა ან კომბოსტოში ვიპოვეთ.
– რა არის პირველი ეტაპი, როგორ უნდა დავიწყოთ საუბარი ბავშვებთან სქესობრივ განვითრებაზე?
– დასაწყისისთვის საკმარისი ვუთხრათ, რომ იგი არა ასე ვთქვათ კომბოსტოში ვიპოვეთ, არამედ დედის მუცელში იმყოფებოდა. ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის მსგავს საკითხებზე საუბარი ნორმალურია, უბრალოდ, უნდა გამოვიყენოთ სწორი ტერმინოლოგია. ბავშვის ინტერესი უნდა იყოს დაცული, მას თუ კითხვა არ უჩნდება და არ ინტერესდება, აუცილებელი არ არის ძალიან პატარა ასაკში ესაუბრო მსგავს საკითხებზე. შეგვიძლია დაველოდოთ იმ მომენტს, როდის თავად გაუჩნდება კითხვები.
– როგორ ფიქრობთ ვინ უნდა მიაწოდის ინფორმაცია მოზარდს?
– მე მაინც მგონია რომ ინფორმაციის მშობლებისგან მიწოდება უფრო მართებულია. შესაძლებელია მშობლების დატრენინგება, რათან მათ სწორად შეძლონ საკუთარი შვილებისთვის სათანადო და ასაკის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. სხვა ქვეყნებში მშობლებს განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ სქესობრივი განათლების მიმართ. ამერიკაში ბაღში ვმუშაობდი და სამი წლის ბავშვმა უკვე იცოდა რა იყო ვაგინა. საქანელაზე ცუდად მოუწია დაჯდომა და მკითხა დაუზიანდებოდა თუ არა ვაგინა და შვილი ეყოლებოდა თუ არა. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ მისმა მშობლებმა ბავშვს სწორად მიაწოდეს ინფორმაცია. არის წიგნები, სადაც პატარებისთვის მისაღებ და აღსაქმელ ენაზე ადამიანის სხეულია ილუსტრირებული. სხეულის შესწავლას ბავშვი ამ წიგნებით იწყებს.
– საქართველოში თუ გვაქვს მსგავსი ტიპის სახელმძღვანელოები?
– სამწუხაროდ არა. მსურდა მე გამეკეთებინა მსგავსი პროექტი, თუმცა, ჯერ ამ იდეის განხორციელება ვერ მოვახერხე. ეს ინფორმაცია არ იქნება არანაირ სირცხვილთან, რაიმე მიუღებელთან, აკრძალულთან დაკავშირებული. სხვა ქვეყნებში გარდატეხის ასაკში ორგანიზმში მიმდინარე ცვლილების შესახებ დასურათებული წიგნები არსებობს, სადაც აღწერილია თუ როგორ ვითარდება ადამიანი. რამდენიმე წლის წინ ერთ–ერთი ბავშვის მამა მოვიდა ჩემთან და მკითხრა, როგორ მიეწოდებინა ბავშვისთვის აღნიშნული ინფორმაცია და გვქონდა თუ არა მსგავსი ლიტერატურა. მაშინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ბავშვისთვის მიგვეწოდებინა ეს ინფორმაცია როგორც გამრავლების ინსტინქტი, რომელიც თავისთავად დაკავშირებულია სასიამოვნო განცდებთან.
– ჩვენი საზოგადოება მზად არის იმისთვის, რომ სკოლებში სექსუალური განათლება ისწავლებოდეს?
– ამ ეტაპზე არ მგონია, რომ ყველა მშობელი მზად არის იმისთვის, რომ მისმა შვილმა მსგავს საკითხებზე ილაპარაკოს საზოგადოებაში. თუმცა, თუ ამ „პრობლემას“ მშობლები თავად გადალახავენ და მოაგვარებენ, შემდეგ უკვე შესაძლებელია სკოლაში მუშაობაც.. მოზარდებში არის თემები, რომელიც „საღადაო“ შეიძლება გახდეს. ჩვენი საზოგადოება არ არის მზად იმისთვის, რომ ასეთ დელიკატურ საკითხზე სკოლაში საუბრობდნენ. შეიძლება ჩატარდეს ფსიქოლოგთან შეხვედრები, ამ ფორმატში შესაძლებელი უნდა იყოს ინტელექტზე, ემოციებზე და სხვადასხვა თემებზე საუბარი, მათ შორის, მოზარდების სქესობრივ აღზრდაზე. ვიდრე ამ ნაბიჯს გადავდგამთ, საჭიროა სწორი ფორმატი შევარჩიოთ.
– რატომ იწვევს აგრესიას უფროს თაობაში სქესობრივ საკითხებზე საუბარი?
– მსგავსი დამოკიდებულება არის საკუთარი სხეულის, სურვილების მიუღებლობა, რომელიც შეიძლება მომავალში დიდი პრობლემა გახდეს ინდივიდისთვის. ამ საკითხზე საუბარი, ზოგადად, უჭირთ. დღევანდელ სკოლაში მსგავსი საგანი რომ შეიტანო, ეს ძალიან დიდი გამოწვევა და რაც საზოგადოებაში აგრესიას იწვევს.
– რატომ არის აკრძალული ჩვენთან კითხვების დასმა, განსაკუთრებით მშობლებთან?
– ჩვენი საზოგადოებისთვის ეს ტაბუდადებული თემაა . დღეს საკმაოდ დიდი ქაოსია ამ თემის გარშემო, სექსუალური ცხოვრება ჩარჩოშია მოქცეული. ზოგს ჰგონია, რომ ამ საკითხზე ლაპარაკი არ შეიძლება, ან ამბობენ, რომ როცა ოჯახს შექმნის, მაშინ გაიგებს. რეალურად კი მანამდე უნდა მოხდეს მოზარდისთვის შესაბამისი განათლების მიცემა, რადგან ადამიანი მზად იყოს ამისთვის თუნდაც ფსიქოლოგიურად. შეიძლება მოუმზადებლობამ სტრესი გამოიწვიოს. მოზარდმა უნდა იცოდეს თუ რა შედეგები მოჰყვება მის ქმედებას. ის, რაც არის ბუნებრივი, არ შეიძლება დავრთგუნოთ და ხელი შევუშალოთ მის არსებობას. ყველა ბავშვი განსხვავდება ტემპერამენტით, განვითარების რიტმით, რაც იწვევს განსხვავებულ სურვილებს. არ შეიძლება ბავშვს დავადოთ იარლიყი, რომელსაც ჩვენი გადმოსახედიდან დროზე ადრე გაუჩნდა ინტერესი განსხვავებული სქესის მიმართ. ბავშვის განვითარების ასაკმა გადმოიწია, დღეს მოზარდს ნებისმიერ ინფორმაციაზე აქვს წვდომა.
– ნაადრევი ქორწინება, ინტერესი, გაუაზრებელი ქმედებები, ამ ყველაფერს სქესობრივი გაუნათლებლობა ხომ არ იწვევს?
– რა თქმა უნდა და ალბათ არიან ოჯახები, სადაც დღემდე ასე ცხოვრობენ. აკრძალული ხილის ინტერესი კი დიდია. სამი-ოთხი წლის ასაკის ბავშვებს უკვე უჩნდებათ საკუთრი სხეულის შესწავლის სურვილი, რაც არის აბსოლუტურად ბუნებრივი. მშობლებს ხშირად ეს ფაქტი აშფოთებთ, მათთვის ეს მიუღებელია. განვითარების კონკრეტულ ეტაპზე როდესაც კითხვა ჩნდება და გამოცდილების მიღების სურვილი იბადება, თუნდაც ინფორმაციის მოძიების გზით, ეს ბუნებრივია. როდესაც ხდება აკრძალვა, არ ვიცით ეს ენერგია როდის და რა სახით ამოხეთქავს. შეიძლება ამან გამოიწვიოს არასწორი კავშირი, რაც დიდი ზიანის მომტანია.
– მსგავსი განათლება ერთგვარად დამცავი მექანიზმის როლსაც ასრულეს, მაგალითად, პედოფილიასთან მიმართებაში. ხანდახან ბავშვმა შეიძლება არც იცოდეს რა ხდება მის გარშემო, რადგან არ აქვს ინფორმაცია...
– განათლება არ უნდა ასოცირდებოდეს შიშთან. უბრალოდ შესაძლებელია ბავშვს ვუთხრათ, რომ არსებობენ არაჯანსაღი ადამიანები. შენ თუ იცი რა არის ეს და ასეთი ადამიანი არსებობს შენს ცხოვრებაში, შეიძლება გაჩნდეს დიდი შიში. კარგი იქნება თუ მშობლების თანდასწრებით მოხდება უცხო ადამიანებთან კომუნიკაცია, რადგან თავიდან ავიცილოთ მსგავსი ფაქტები.
– სქესობრივ საკითხებზე საუბარი ზოგ ადამიანს გარყვნილებად მიაჩნია, როგორ უნდა მოხდეს გარყვილნების და განათლების გამიჯვნა?
– მომწიფებისკენ როდესაც მიდის ადამიანი, უჩნდება განსხვავებული სურვილები, რომლის შესახებაც არანირი ინფორმაცია არ აქვს. მოზარდი სწორედ მაშინ შეიძლება მისი ასაკისთვის შეუფერებელი ექსპერიმენტების „მსხვერპლი“ გახდეს. შეიძლება ერთი ადამიანისთვის რაღაც გარყვნილება იყოს და მეორესთვის კი ჩვეულებრივი მოვლენა. სურვილების არსებობა არ შეიძლება მხოლოდ ცუდთან ან გარყვნილებასთან იყოს კავშირში.
– რაში ხედავთ გამოსავალს?
– მშობელმა არ უნდა აარიდოს თავი ამ საკითხს, მას უნდა შეეძლოს გახსნილად საუბარი შვილთან. თუ მშობელში არასასიამოვნო შეგრძნებას იწვევს სექსოლოგიაზე საუბარი, შესაძლებელია ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია, რათა მშობლებმა გაცნობიერონ, რომ ესეც ადამიანის განვითარების ორგანული მოვლენაა. მსგავს საკითხებზე საუბარი ბავშვებისთვისაც ჩვეულებრივია. მშობელმა ფეხი უნდა აუწყოს ბავშვის განვითარებას და არ ჩამორჩეს. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ თუ სურვილი ექნება დედასთან შეძლებს საუბარს. ჩვენს საზოგადოებაში ტრადიციები, მენტალობა და საკუთარი სურვილები წინააღმდეგობაში მოდის, რაც ადამიანის ცნობიერებაში პირველი დიდი კონფლიქტია. მშობელმა კი ყველაფერი უნდა გააკეთოს და შვილის დაცვა შეძლოს.