81 წლის ქართველის მიერ აწყობილი უნიკალური მანქანები და ავტომობილი სახელად „ანზორი"

© FB / Anzori Eloshviliანზორ ელოშვილი საკუთარ ავტომობილთან
ანზორ ელოშვილი საკუთარ ავტომობილთან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანზორ ელოშვილი პროფესიით ეკონომისტია, ახალგაზრდობაში მოცეკვავე იყო და სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატიც გახლავთ. ხატვის ნიჭი და ეკონომიკური განათლება მოგვიანებით გამოადგა, როცა ერთ მშვენიერ დღეს გადაწყვიტა, რომ სათამაშო მანქანა დაემზადებინა. ამის შემდეგ უფრო შორს წავიდა და უნიკალური ავტომობილები საკუთარი ხელით ააწყო.

– ბატონო ანზორ, სანამ უშუალოდ თქვენ მიერ აწყობილ ავტომანქანებზე ვისაუბრებთ, მოგვიყევით, რა გზა გაიარეთ აქამდე?

— ახლა 81 წლის ვარ. თავიდან სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, თუმცა არ დამიმთავრებია, მხოლოდ სამი თვე ვიყავი და მერე დავანებე თავი. ბავშვობაში პიონერთა სასახლეში ხატვის წრეზე დავდიოდი. ხატვიდან ცეკვის წრეზე გადავედი და მას გავყევი ბოლომდე. შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩავაბარე.

© FB / Anzori Eloshviliანზორ ელოშვილი
ანზორ ელოშვილი - Sputnik საქართველო
ანზორ ელოშვილი

– მოცეკვავის რანგში ყველაზე გამორჩეულად რომელი კონცერტი თუ ფესტივალი დაგამახსოვრდათ?

— ორჯერ თუ სამჯერ ფესტივალის ლაურეატები ვიყავით. 1956 წელს მოსკოვის ფესტივალზე გამოვედით. სამი წლის შემდეგ ვენაშიც ვიყავით. უფრო მოსკოვის ფესტივალი დამამახსოვრდა, იქ ცხონებული გია ჭირაქაძეც ჩვენთან იყო. უნივერსიტეტის ანსამბლში ვიყავით ერთად და ვმეგობრობდით. ჩვენი ქორეოგრაფი ბუხუტი დარახველიძე იყო და ანსამბლში საკმაოდ ძლიერი მოცეკვავეები იყვნენ – ჯემალ მჭედლიშვილი, თამაზ კიკალეიშვილი და ბევრი სხვა. ფესტივალის დროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ უცხოელებთან გვქონდა შეხვედრები.

– მანქანებზე მოგვიყევით, პირდაპირ დიდი მანქანების აწყობა დაიწყეთ?

— არა, პირველად ბავშვს გავუკეთე სათამაშო მანქანა, რომელიც კარგი გამომივიდა და ვიფიქრე, მოდი, დიდი მანქანის გაკეთებასაც ვცდი-მეთქი. ვცადე და გავაკეთე მანქანა, რომელსაც თბილისი" ერქვა.

© FB / Anzori Eloshviliანზორ ელოშვილის ავტომობილი
ანზორ ელოშვილის ავტომობილი - Sputnik საქართველო
ანზორ ელოშვილის ავტომობილი

– ამ მანქანებში ყველაფერი თქვენი მოფიქრებული და დამზადებულია – დიზაინით დაწყებული, დეტალებით დამთავრებული?

— რა თქმა უნდა. ჯერ დიზაინს ვქმნიდი ისეთს, როგორიც მინდოდა რომ გამოსულიყო. ჩანახატის შემდეგ ლითონისგან დეტალებს ვამზადებდი. მანქანის ძარას ხელით ვამზადებდი, ზოგ ნაწილს რომელიმე მანქანიდან ვიყენებდი. ძალიან რთული სამუშაოა, ყველაფერი წინასწარ გადასამოწმებელი და გამოსათვლელია. დავუშვათ, ავიღებდი ჟიგულის" სავალ ნაწილებს, ზედ დავადგამდი ჩემ გაკეთებულ ძარას, რომელსაც ფორმებს ვაძლევდი. რთულია ყველაფრის გაკეთება, თანაც მე ხომ ხელშეწყობაც არ მქონია. მანქანის აწყობის მომენტში ამწე დამჭირდა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ის ამწეც მე გავაკეთე.

– მანქანებს სახელებსაც არქმევდით…

— პირველი საბავშვო მანქანა იყო, მეორე მანქანას თბილისი" დავარქვი. მესამე მანქანა, რომელსაც ანზორი" დავარქვი, ძალიან ლამაზია, დღესაც სანაპიროზე დგას. რამდენიმე თვის წინ გავყიდე და ის ადამიანი, ვინც იყიდა, მაგ ტერიტორიაზე მუშაობს. ანზორი" სანაპიროზე ავტოფარეხების პირდაპირ კარებთან დგას. ემბლემაც კი მქონდა გაკეთებული, რომელზეც ასო ა" იყო ამოტვიფრული. შემდეგ ემბლემა მოვხსენი და სხვა რაღაც დავადგი.

© FB / Anzori Eloshviliანზორ ელოშვილი
ანზორ ელოშვილი - Sputnik საქართველო
ანზორ ელოშვილი

– თქვენი რკინის სეხნია გასაყიდად არ დაგენანათ?

— დამენანა ძალიან. დღესაც მაგ ტერიტორიას როცა მანქანით ჩავუვლი, თვალებს ვხუჭავ, რომ არ დავინახო. მანქანა რომ მიჰყავდათ ჩემგან, ამხელა კაცს ცრემლიც კი წამომივიდა…

– თქვენი მოდელის დაპატენტება არ გიცდიათ?

— არ მიცდია. იმიტომ, რომ ჩვენთან ეს საქმე რთულადაა, საქართველოში ამის გაკეთება ძალიან ძნელია. ბევრია ნიჭიერი ადამიანი, რომელიც მანქანას აკეთებს და მერე ვერ აპატენტებს, თუმცა, ისიც უნდა გითხრათ, რომ მანქანას ჩემსავით, ასე ნულიდან მაინც ვერავინ აწყობს.

– მაინც როგორ ააწყვეთ ისინი, რა მასალა გამოიყენეთ?

— მანქანა გავაკეთე პოლიეთილენის კუპრისგან, რომელსაც ავტომშენებლობაში იყენებენ. ჯერ ჩემი ჩანახატის მიხედვით მთელი მანქანა თაბაშირისგან გამოვძერწე, ხომ წარმოგიდგენიათ, ეს რამხელა შრომაა? როცა შევღებე, იმდენად კარგი გამოვიდა, ნამდვილს ჰგავდა. ერთმა კაცმა დათვალიერებისას მკითხა, შეიძლება კარები გამოვაღოო. მე ვუთხარი, ვერ გამოაღებ, რადგან თაბაშირისგანაა დამზადებული- მეთქი. მერე ამ მანქანის ყალიბი გავაკეთე და მანქანა მთლიანად ჩემ მიერ დამზადებული ყალიბიდან ჩამოვასხი იმ ზომის, რა ზომისაც ახლაა. შემდეგ მანქანა მავთულებისგან მოვქსოვე და დეტალები გავაკეთე. ის გარედან პლასტიკატითაა გაკეთებული, მაგრამ ისეთი ძლიერია, რომ სხვა მანქანების მსგავსად ადვილად არ იმტვრევა. რაღაც რომ დამტვრეულიყო, იმ დეტალს პირდაპირ ყალიბისგან ჩამოვასხამდი. როცა მანქანა გავყიდე, ყველა ყალიბი და ჩანახატი, რაც მქონდა, ახალ მეპატრონეს გავატანე.

– მოკლედ, ყოველმხრივ ნიჭიერი ადამიანი ხართ — ხელოვნება იქნება ეს თუ ამგვარი პრაქტიკული საქმიანობა…

— ფაქტია, რასაც მოვინდომებ, ყველაფერს ვაკეთებ. არაფრის მოფიქრება და დამზადება არ მიჭირს. აქტიური უნდა იყო ნებისმიერ ასაკში და სიბერე ვერ მოგერევა, თან შენ ნიჭსაც სათანადოდ გამოიყენებ…

 

ყველა ახალი ამბავი
0