00:20 25 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ციცინო კობიაშვილი

უფლისგან ნაჩუქარი ნიჭი და ცნობილი რეჟისორის საოცარი ნამუშევრები

მერი ბლიაძე
ინტერვიუ
მოკლე ბმულის მიღება
მერი ბლიაძე
24130

ყველასთვის საყვარელი რეჟისორი და მსახიობი ციცინო კობიაშვილი უკვე დიდი ხანია ხელსაქმით არის გატაცებული — ქმნის ულამაზეს დეკორაციებს, აკეთებს საოცრად დახვეწილ დეკუპაჟს. საახალწლო თემატიკასთან დაკავშირებით ნაძვის ხის 3D სათამაშოები დაამზადა, რომლებმაც მნახველის  აღფრთოვანება და გაოცება გამოიწვია.

„Sputnik–საქართველოს“ ქალბატონმა ციცინომ სახლში უმასპინძლა და თავისი გატაცების შესახებ ესაუბრა.

— სრულიად განსხვავებული სპეციალობა გაქვთ. ამ სფეროში როგორ მოხვდით?

— ძალიან მაინტერესებდა ეს საქმე და ყველაფერი ჩემით ვისწავლე. ინტერნეტი დავიხმარე, ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიჯექი და ჩუმად ვუყურებდი სამსაათიან მასტერ-კლასებს. რუსები, პოლონელები და უკრაინელები ძალიან მაგრები არიან ამ საქმეში, სწორედ მათგან ვისწავლე ეს ყველაფერი. 

ციცინო კობიაშვილის შექმნილი ნაძვის ხის მოსართავი
მერი ბლიაძე
ციცინო კობიაშვილის შექმნილი ნაძვის ხის მოსართავი

ოჯახის წევრებს უკვირდათ, რას ვუსმენდი ამდენი ხანი. მივხვდი, რომ „ხელი მექავებოდა“ და მინდოდა თვითონაც შემექმნა მსგავსი სილამაზე. პირველი ნამუშევარი რომ არ გამომსვლოდა, ალბათ, არაფერს გავაკეთებდი. ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე მეყოფოდა ნებისყოფა, დავჯდებოდი და ასეთ რამეს გავაკეთებდი.

— რა იყო თქვენი პირველი ნამუშევარი?

— თეფშზე გავაკეთე დეკუპაჟი. ძალიან ლამაზი გამოვიდა. წავედი, ჩუმად ვიყიდე მასალები, მოვიტანე და შევუდექი მუშაობას. მივხვდი, რომ ეს მანიჭებდა უდიდეს ბედნიერებას. ეს არის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება. ამ დროს ვფიქრობ, ვმუშაობ და თან ვისვენებ. ვინ იცის, იმ განუხორციელებელ ოცნებებს, რაც მაქვს ზღაპრულ სპექტაკლებთან დაკავშირებით, იქნებ ამაში ვაცოცხლებ? არ ვიცი, რა ხდება ჩემში, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ძალიან მავსებს.

ქალბატონი ციცინოს სახლში ბოსტნეულის საჭრელი დაფებიც კი ხელოვნების ნიმუშია
მერი ბლიაძე
ქალბატონი ციცინოს სახლში ბოსტნეულის საჭრელი დაფებიც კი ხელოვნების ნიმუშია

— ყველაზე რთული და დასამახსოვრებელი რა შეგიქმნიათ?

— ამ ზაფხულს გავაკეთე დიდი მაგიდა. არ შემიძლია იმის გადმოცემა, როგორი ლამაზი და ორიგინალური გამოვიდა. ძალიან გამიჭირდა, რადგან ძალიან მტკივა თითები. ართროზი მაქვს და განსაკუთრებით თითები მაქვს დაზიანებული. ყველაფერი ხელიდან მივარდებოდა… ვფიქრობ, ეს ხელობა უფალმა მაჩუქა. ამის საშუალებით სულ მოძრაობაშია თითები და ამიტომაც მგონია, რომ ღმერთმა მომცა ეს საქმე, სულ რომ არ წამრთმეოდა ხელში ძალა.

ციცინო კობიაშვილი: ეს არის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება...
მერი ბლიაძე
ციცინო კობიაშვილი: ეს არის განტვირთვის ყველაზე კარგი საშუალება...

მაგიდის ზედაპირს ნაწილ–ნაწილ ვასუფთავებდი ზუმფარით. დიდი ძალა და ნებისყოფა დასჭირდა, მაგრამ მაინც გავაკეთე. ულამაზესი ნახატი გადავიტანე ზედ. ისეთი გამოვიდა, რომ ხალხი სანახავად მოდიოდა.

— რა მასალებით აკეთებთ დეკუპაჟს?

— დეკუპაჟს თავისი ტექნიკა აქვს. ვმუშაობ აკრილის საღებავით. არსებობს დეკუპაჟის სპეციალური ქაღალდი, ასევე ბრინჯის ქაღალდი. შეგიძლიათ ჩვეულებრივი, ლამაზი ხელსახოცითაც გააკეთოთ. სამწუხაროდ, საქართველოში ყველა მასალა არ იშოვება. ამიტომ  უკრაინაში ვეკონტაქტები მაღაზიებს და ახალ მასალებს, როგორც კი გამოვა რამე, პირდაპირ მიგზავნიან მეილზე სანახავად. თუ მომეწონა, ვუკვეთავ.

ციცინო კობიაშვილის დეკუპაჟი ეგვიპტური სიუჟეტებით
მერი ბლიაძე
ციცინო კობიაშვილის დეკუპაჟი ეგვიპტური სიუჟეტებით

— როგორც ვხედავ, საახალწლო სათამაშოებსაც აკეთებთ.

— კი. ინტერნეტში ვნახე 3D სათამაშოები და აღფრთოვანებული დავრჩი, ისე მომეწონა. ძალიან მომინდა მეც შემექმნა საახალწლო ნივთები. მართალია, ძალიან რთული იყო ამის გაკეთება, მაგრამ მაინც შევძელი.

— როგორ ამზადებთ 3D სათამაშოებს?

— ამისთვის საჭიროა დეკუპაჟის ქაღალდი, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ 3D-სთვის. ეს ქაღალდი, სამწუხაროდ, ვერ აღმოვაჩინე. რუსეთში ვნახე, მაგრამ ვერ გამომიგზავნეს, უარი მომივიდა. ჩავვარდი საგონებელში, როგორ შემექმნა ეს სათამაშოები და მივაგენი ალტერნატივას. ბევრი ვიწვალე, მაგრამ მაინც გავაკეთე.

ციცინო კობიაშვილი: იმ განუხორციელებელ ოცნებებს, რაც მაქვს ზღაპრულ სპექტაკლებთან დაკავშირებით, იქნებ ამაში ვაცოცხლებ?
მერი ბლიაძე
ციცინო კობიაშვილი: იმ განუხორციელებელ ოცნებებს, რაც მაქვს ზღაპრულ სპექტაკლებთან დაკავშირებით, იქნებ ამაში ვაცოცხლებ?

დეკუპაჟი გამოჭრას ნიშნავს. ეს გამოჭრილი ისე უნდა გადაიტანო მინაზე, ფაიფურზე, ხეზე, თითქოს ნახატია. დეკუპაჟი გამოჭრის შემდეგ გადამაქვს აკვარელის ქაღალდზე. ჩემი თითებისთვის ეს იყო ძალიან რთული, მაგრამ, უფლის წყალობით, გამოვიდა. ყველას ძალიან მოეწონა. მე თვითონ უდიდესი სიხარული მომანიჭა. ვერ ვიმეტებდი გასაყიდად, მაგრამ იმდენი დაგროვდა სახლში, ვეღარ ვტევდი, ამიტომ წავიღე თეატრში და იქ გაიყიდება.

— თქვენი შვილიშვილი როგორ უყურებს თქვენს გატაცებას? მასაც ხომ არ ასწავლით დეკუპაჟის კეთებას?

— ძალიან მოსწონს, მაგრამ შექმნის პროცესში არ იღებს მონაწილეობას. მოვა, დაათვალიერებს, „უი, რა ლამაზია ბებიკო, ეს მაჩუქე, ის მაჩუქე“ და ამით მთავრდება. ვცადე მესწავლებინა, მაგრამ არ გამოთქვა სურვილი. არაჩვეულებრივად მღერის. ყველაზე დიდ დროს იმ საქმეს უთმობს, რაც ყველაზე მეტად უყვარს. მღერის 24 საათი. ამიტომ აკეთოს ის საქმე, რაც სიამოვნებას ანიჭებს.

— ახალი წლის მერე რის შექმნას აპირებთ?

— წელიწადის ყველა დროს სხვადასხვა თემაზე, სხვადასხვა ნივთებზე ვიწყებ მუშაობას. ახლა უკვე აღდგომის დღესასწაულისთვის დაიბადება საოცარი იდეები.

მთავარი თემები