კორონავირუსი და საქართველოს საგარეო ვაჭრობა

გამოწერა
კორონავირუსის ეპიდაფეთქებამ სერიოზული ზიანი მიაყენა ქართულ ეკონომიკას – 2020 წლის პირველ ოთხ თვეში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11,8%-ით შემცირდა და 3,5 მლრდ დოლარი შეადგინა.

იანვარ-აპრილში ქვეყნის ფარგლებს გარეთ 1 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია გავიდა – გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,9%-ით ნაკლები, ნათქვამია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მასალებში.

2020 წლის დასაწყისიდან იმპორტმა დაახლოებით 2,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 11,8%-ით ნაკლებია 2019 წლის იანვარ–აპრილის პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა მითითებულ პერიოდში დაახლოებით 1,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც მთელი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42,2%-ს შეადგენს. 

რატი აბულაძე - Sputnik საქართველო
რა კავშირშია საგარეო ვაჭრობის შემცირებული მაჩვენებელი მოსახლეობის ჯიბესთან

2020 წლის დასაწყისიდან საქართველოს მსხვილი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, რუსეთი და აზერბაიჯანი – ამ ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვამ იანვარ–აპრილში 1,2 მლრდ დოლარს გადააჭარბა, რაც მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 35,6%-ია. 

საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში ასევე შედიან: ჩინეთი - 346,1 მილიონ დოლარზე მეტი, აშშ - 162,7 მილიონ დოლარზე მეტი, უკრაინა - 174 მილიონ დოლარზე მეტი, სომხეთი - დაახლოებით 161,4 მილიონი დოლარი, გერმანია - დაახლოებით 140 მილიონი დოლარი, ბულგარეთი - 145,5 მილიონ დოლარზე მეტი, იტალია - დაახლოებით 65,8 მლნ დოლარი.

კორონავირუსის აფეთქებამ ქვეყნის ეკონომიკას სერიოზული დარტყმა უკვე მიაყენა – მიმდინარე წლის აპრილში ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბრუნვა 35,4%-ით დაეცა, მათ შორის, ექსპორტი 27,9%-ით, იმპორტი კი 38,5%-ით.

ქართული საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვების გამო ექსპორტის შემცირებამ ეკონომიკას შეიძლება 200 მილიონიდან 1 მილიარდ დოლარამდე ზარალი მიაყენოს, იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება მოვლენები.

ყველა ახალი ამბავი
0