04:08 02 აგვისტო 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7174
  • 100 RUB4.2829
  • USD3.1244
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
85 0 0

ნინოწმინდის პანსიონის ერთ-ერთი აღსაზრდელი გამოიკითხა გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც აღსაზრდელების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობას უკავშირდება.

თბილისი, 12 ივნისი — Sputnik. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ერთ-ერთ აღსაზრდელს პანსიონში ბავშვების მიმართ შესაძლო არასათანადო მოპყრობის საქმეზე მოწმის სახით გამოკითხვის შემდეგ საკუთარი ბიძა მოკვლით დაემუქრა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა პანსიონის აღსაზრდელის ნათესავი 2021 წლის 11 ივნისს დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ მამაკაცს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით („სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“).

თავად აღსაზრდელი ცნობილია დაზარალებულად და მას და მისი ოჯახის წევრებს თავშესაფარში გადაყვანა შესთავაზეს.

გამოძიების დაწყების საფუძველი აღსაზრდელის ადვოკატის განცხადება გახდა, რომლის თანახმად, ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებით წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეში, მოწმის სახით გამოკითხულ პირს სიცოცხლის მოსპობით საკუთარი ბიძა ემუქრებოდა. აღნიშნული განცხადებით მომართვისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუყოვნებლივ დაიწყო გამოძიება.

ადვოკატი და დაზარალებული ითხოვდნენ საგამოძიებო მოქმედებების კონფიდენციალურად ჩატარებას იმ მიზეზით, რომ მოწმის მიმართ მუქარა ხორციელდებოდა უშუალოდ ოჯახის წევრის მხრიდან და საფრთხე იყო რეალური.

„მიუხედავად დაზარალებულის სურვილისა, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლების მხრიდან მოხდა აღნიშნული ფაქტის გახმაურება, რაც მიგვაჩნია, რომ აზიანებს დაზარალებულის ინტერესებს და ხელს უშლის გამოძიების ეფექტიანად წარმართვას“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ბრალდების მხარე, ჩ.გ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი, რომელიც საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშაა, ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო სტრუქტურების ყურადღების ცენტრში სახალხო დამცველის განცხადების შემდეგ მოექცა. როგორც გასულ კვირაში ნინო ლომჯარიამ სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, პანსიონში ბავშვებზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ზეწოლა ხორციელდება, ხოლო დაწესებულების ტერიტორიაზე მის წარმომადგენლებს შესვლის უფლებას არ აძლევენ. აღნიშნული განცხადების საფუძველზე საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ივნისს ნაწილობრივ დააკმაყოფილა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) შუამდგომლობა და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს დაავალა შშმ სტატუსის მქონე ბავშვების პანსიონიდან დაუყოვნებლივ გაყვანის პროცესის დაწყება.

ბოლო მონაცემებით, სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ პანსიონიდან 25 არასრულწლოვანი, მათ შორის შშმ პირები გაიყვანა. მედიის ცნობით, ამ დროისთვის დაწესებულებაში 28 ბავშვი რჩება.

მთავარი თემები