02:14 12 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0646
  • 100 RUB4.4399
  • USD3.4260
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
113 0 0

ეპარქიის რეზიდენციის შენობის მეორე სართულზე აივნის ხის მოაჯირი მოირღვა და რამდენიმე ადამიანი აივნიდან გადავარდა.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, აცნობეს „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით არის დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ორ წლამდე ვადით.

დღეს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიაში მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავდა რამდენიმე ადამიანი, რომელთა შორის მასმედიის წარმომადგენლებიც არიან.

ეპარქიის წარმომადგენლებსა და მრევლის ნაწილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გაწევ-გამოწევაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც მრევლის ნაწილს ეპარქიის შენობაში მიმდინარე კრებაზე დასწრების შესაძლებლობა არ მიეცა. შედეგად ეპარქიის რეზიდენციის შენობის მეორე სართულზე აივნის ხის მოაჯირი მოირღვა და რამდენიმე ადამიანი გადავარდა.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ შორის არიან ტელეკომპანიების „ფორმულის“, POSTV-ს, TV Pirveli-ს და Rustavi 2-ის ოპერატორები, რომლებიც მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, მასმედიის წარმომდგენლებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ.

„კართან ვიდექით მე და ჩემი ოპერატორი, სასულიერო პირები გამოვიდნენ და ინერციით გაგვწიეს უკან, იქ იყო ხის მოაჯირი, რომელიც გატყდა და გადავცვივდით. მე გონება დავკარგე. როგორც კი აზრზე მოვედი, დავინახე ჩემი ოპერატორი, რომელსაც შუბლის არეში ჰქონდა დაზიანება, სისხლი სდიოდა და გონზეც ჯერ არ იყო მოსული“, – უამბო კოლეგებს „TV პირველის“ ჟურნალისტმა პაპუნა შუშანიამ, რომელიც თავადაც დაშავდა და შემდგომი კვლევებისთვის ზუგდიდის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაპირისპირება ეპარქიის მსახურებს შორის – ერთი მხრივ, და სასულიერო პირებსა და მრევლს შორის – მეორე მხრივ, მას შემდეგ დაიწყო, რაც ჭყონდიდისა და მარტვილის ახალმა მიტროპოლიტმა, მეუფე სტეფანემ (კალაიჯიშვილი) ეპარქიის ორ დიაკვანს - კონსტანტინე გაბისონიასა და პეტრე ღუდუშაურს მღვდელმსახურება აუკრძალა.

დიაკვნებს მრევლის ნაწილი გამოექომაგა. მრევლის ნაწილი ითხოვდა, რომ ახლად დანიშნულმა მიტროპოლიტმა სტეფანემ დაუყოვნებლივ დატოვოს ეპარქია.

მარტვილისა და ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტმა კი დღევანდელ ინციდენტში მრევლი, სასულიერო პირების ნაწილი და მასმედია დაადანაშაულა.

„ფიზიკური დაპირისპირება პროვოცირებული იყო იმ ხალხისგან, ვინც აქ დგას. მე ყველა კითხვა ჩავიწერე, მაგრამ მღვდლებმა, რომლებმაც ეს ხალხი აქ მოიყვანეს, ატეხეს ხმაური და არ მომცეს საშუალება, პასუხი გამეცა. ეპარქიის დატოვებას არ ვაპირებ, ეს არის მგლების შეთქმულება და ძალიან დიდი პრობლემა. ესაა დაგეგმილი პროვოკაცია“, – აღნიშნა სასულიერო პირმა „პირველ არხთან“ საუბრისას.

მთავარი თემები