08:20 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
86 0 0

ქვეყნის მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძრების ქრობის სამუშაოებში 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველია ჩართული. ასევე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და ვერტმფრენები.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. ქვეყნის მასშტაბით ამ დროისათვის ხანძრის რვა კერაა დარჩენილი, საიდანაც ერთი ლოკალიზებულია. ხანძრების შედეგად არავინ დაშავებულა, იუწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

უწყების ცნობით, ამჟამად საქართველოს მასშტაბით ტყისა და მინდვრის ხანძრებს ორი ვერტმფრენი, 70-ზე მეტი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და 700-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი ებრძვის.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაოებს. ბოლო სამი დღის განმავლობაში ტყესა და მინდვრებზე ხანძრის 250 კერა დაფიქსირდა, მათგან 242 ლიკვიდირებულია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის განმავლობაში რაჭასა და შიდა ქართლში მეხანძრე-მაშველებთან ერთად სასაზღვრო პოლიციის ორმა ვერტმფრენმა იმუშავა. ვერტმფრენებმა ამ ეტაპზე დროებით მუშაობა შეაჩერეს.

ვერტმფრენის მუშაობის შემდეგ ვითარება დასტაბილურდა შიდა ქართლში, რკონის ხეობაში. უწყების ინფორმაციით, ახლა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ხანძარი ლოკალიზებულია რაჭა-ლეჩხუმის სოფელ ჩქუმში. ონჭევი-წოლასა და ლაილაშში სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ხანძარი ლიკვიდირებულია იმერეთის სოფლებში ზარათსა და ძეძილეთში. ხოლო სოფელ ნადაბურსა და ნავარძეთში ქრობის სამუშაოები გრძელდება. ორივე ლოკაციაზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები და მიმდინარეობს ქრობის სამუშაოები.

რაც შეეხება აჭარას, ქედაში, სოფელ ბზუბზუში უწყვეტი სამუშაოების შედეგად ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ადგილზე დარჩენილია რამდენიმე მცირე კერა და მათი დამუშავება მიმდინარეობს.

რა ხდება რაჭა-ლეჩხუმში: ხანძრის ქრობაში ავიაცია ჩაერთო >>

სამეგრელოში ხანძრის ქრობის სამუშაოები დასრულებულია მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფლებში ჯაღირაში, წყემსა და ბალდაში. ხანძარი ლოკალიზებულია სოფელ მუჟავაში, ხოლო წალენჯიხის სოფლებში - სქურში, ნაფიჩხოვოსა და ტალერში ლოკალიზაციის სამუშაოები კვლავ გრძელდება. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მინდვრებში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვისგან.

მინდორში და სახნავ მიწებზე ბალახის დაწვამ შეიძლება გამოიწვიოს ხანძრის გავრცელება როგორც საცხოვრებელ სახლებზე, ასევე ტყის მასივებზე.

მთავარი თემები