ლექტორის შეურაცხყოფის გამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სტუდენტი გარიცხეს

გამოწერა
ფაქტის მოკვლევის შემდეგ, თუ ინციდენტის მონაწილე სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი მათ საკითხთან დაკავშირებითაც დამატებით იმსჯელებს.

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (თსუ) გარიცხეს სტუდენტი, რომელმაც ლექტორს ონლაინ–ლექციის მიმდინარეობის დროს შეურაცხყოფა მიაყენა, იუწყება ქართული მასმედია.

აღნიშნული გადაწყვეტილება თსუ-ის ერთ-ერთი ფაკულტეტის საბჭომ გასულ კვირაში მიიღო. უნივერსიტეტი პერსონალური მონაცემების დაცვის გამო სტუდენტის სახელსა და გვარს არ ასაჯაროებს. ეს პირველი შემთხვევაა პანდემიის პირობებში, როცა სტუდენტი ონლაინ–ლექციაზე ლექტორის შეურაცხყოფისთვის გარიცხეს.

სტუდენტების პროტესტი - Sputnik საქართველო
„სწავლა მინდა!“ – ქართველმა სტუდენტებმა განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს

ინტერნეტში რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც თსუ-ის სალექციო პროცესი იყო აღწერილი. ვიდეოში ისმის, როგორ დასცინის ერთ-ერთი სტუდენტი ლექტორს და შეურაცხყოფას აყენებს. როგორც ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, ინციდენტი პირველი კურსის ლექციაზე მოხდა.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უნივერსიტეტმა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართა. ფაქტის მოკვლევის შემდეგ თუ ინციდენტის მონაწილე სხვა პირებიც სტუდენტები აღმოჩნდებიან, უნივერსიტეტი დამატებით იმსჯელებს მათ საკითხთან დაკავშირებითაც.

თსუ-ის 22 ათასამდე სტუდენტმა სწავლა დისტანციურად, Zoom პლატფორმის გამოყენებით 14 სექტემბერს დაიწყო. ინციდენტი სწორედ სასწავლო წლის დაწყების პერიოდში მოხდა.

ყველა ახალი ამბავი
0