12:42 18 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.7603
  • 100 RUB4.2518
  • USD3.1886
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
170 0 0

ბეირუთში ამონიუმის ნიტრატის დიდი პარტია – დაახლოებით 2 750 ტონა აფეთქდა, რომელიც პორტის ტერიტორიაზე არასათანადო პირობებში ექვსი წლის განმავლობაში ინახებოდა.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სს „რუსთავის აზოტი“ არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ამონიუმის ნიტრატი, რომელიც ბეირუთის პორტში აფეთქდა, ქართული წარმოებისაა, ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ გავრცელდა – რომ აფეთქების მიზეზი ბეირუთში საქართველოდან, კერძოდ, რუსთავიდან 2013 წელს იმპორტირებული ამონიუმის გვარჯილა გახდა. 

„გამომდინარე იქიდან, რომ „რუსთავის აზოტი“ ბოლო სამი წელი ოპერირებს, მოკლებული ვართ შესაძლებლობას, მივიღოთ დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ, ბეირუთში აფეთქებული ამონიუმის ნიტრატი ნამდვილად იყო თუ არა საქართველოში, კერძოდ, ქალაქ რუსთავში წარმოებული“, – ნათქვამია განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „რუსთავის აზოტი“ ქვეყნის ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორი კომპანიაა და აწარმოებს მსოფლიოში მოხმარებული ამონიუმის ნიტრატის 1%-მდე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მზადდება და ინახება.

კომპანიაში ასევე აღნიშნავენ, რომ პორტში ექვსი წლის განმავლობაში ასეთი პროდუქციის შენახვა უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევაა, რადგანაც წარმოების შემდეგ ექვს თვეში იგი საჭირო თვისებებს კარგავს.

ოფიციალური მონაცემებით, ბეირუთში ამონიუმის ნიტრატის დიდი პარტია – დაახლოებით 2 750 ტონა აფეთქდა, რომელიც პორტის ტერიტორიაზე არასათანადო პირობებში ექვსი წლის განმავლობაში ინახებოდა.

საშიში ტვირთის აფეთქებასთან საქართველოს შესაძლო კავშირის თაობაზე კომენტარი გააკეთეს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოშიც. სააგენტოს განცხადებით, 2013 წელს ბათუმიდან ხომალდს მოზამბიკში მართლაც გადაჰქონდა ამონიუმის ნიტრატი, მაგრამ ბეირუთში მომხდარი აფეთქების ქართულ მხარესთან დაკავშირების ნებისმიერი მცდელობა საფუძველს მოკლებულია.

ბოლო მონაცემებით, ბეირუთში აფეთქების შედეგად 135 ადამიანი დაიღუპა და 5 ათასამდე დაშავდა. ბევრი ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

მთავარი თემები