04:44 27 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8812
  • 100 RUB4.2875
  • USD3.3332
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში (1796)
290 0 0

23 წლის გოგონას ოჯახის წევრები გამოძიებით უკმაყოფილო არიან და სამართალდამცველ სტრუქტურებს უნდობლობას უცხადებენ.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ოფისიდან, სადაც 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, კომპიუტერები ამოიღეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“. 

თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. ბაჩალიაშვილი სახლიდან, ქვემო ფონიჭალიდან ავტომობილით 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ვიდეოკამერებმა მისი ავტომობილი ჯერ მარნეულთან დააფიქსირეს, შემდეგ – თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში. თვითმხილველებმა ბოლოს ის ხაიშის მეზობელ სოფელ გოლთეთში ნახეს. სწორედ ამ სოფლიდან დაახლოებით ორ კილომეტრში იქნა ნაპოვნი ბაჩალიაშვილის ავტომობილი – მანქანაში გარდაცვლილი გოგონა უკანა სავარძელზე იყო.

გუშინვე მთელი დღე ტარდებოდა საგამოძიებო ღონისძიებები IT-კომპანია ZAG-ში, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი პროგრამისტად მუშაობდა. გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე მან ეს სამსახური დატოვა. კომპანიის დირექტორის თამარ კობერიძის სიტყვებით, გოგონამ მას უთხრა, რომ სამსახურიდან წასვლას აპირებდა და მას ორშაბათს უნდა დაკავშირებოდა.

გარდა ამისა, ჟურნალისტებმა შეძლეს გარკვევა, რომ გოგონა პროგრამისტად მუშაობდა კომპანია SpryFlash-შიც.

ავტომობილში, რომელშიც გარდაცვლილი გოგონა იპოვეს, კრიმინალისტებმა ჩანაწერები და მედიკამენტები აღმოაჩინეს. მასმედიამ ერთ-ერთი ჩანაწერის შინაარსის გარკვევა შეძლო, რომელშიც ეწერა: „თანხა ანაბარზეა, გამოიყენეთ“.

გარდაცვლილი გოგონას მამას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა. მისი თქმით, თამარს ოჯახში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა და „ყველაფერი ეს სამსახურთან არის დაკავშირებული“. 

ბაჩალიაშვილის ოჯახი გამოძიებით უკმაყოფილოა და სამართალდამცველ სტრუქტურებს უნდობლობას უცხადებს. ოჯახს უკვე ჰყავს ადვოკატი და დამოუკიდებელი სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიც.

დაკარგული გოგონა მეორე დღეს იპოვეს მას შემდეგ, რაც ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალი გადაკეტეს, გამოძიება არასათანადო მუშაობაში დაადანაშაულეს და სამძებრო ღონისძიებების შესახებ ოჯახისთვის ინფორმაციის მიწოდება მოითხოვეს.

თამარ ბაჩალიაშვილის გაუჩინარებამ საზოგადოებაში ბევრი კითხვა გააჩინა, პირველ რიგში – რატომ ვერ მოხერხდა ავტომობილის დროულად პოვნა მაშინ, როდესაც იგი გზიდან სულ რამდენიმე ათეულ მეტრში, იმ სოფლიდან ორიოდე კილომეტრში იყო გაჩერებული, სადაც გოგონა ბოლოს ნახეს. მით უმეტეს, რომ ავტომობილის დაფიქსირება მშვენივრად შეეძლო ვერტმფრენსა და დრონს, რომლებიც სამძებრო ღონისძიებებში იყო ჩართული.

თემები:
შემთხვევები საქართველოში (1796)

მთავარი თემები