თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. გარდაცვლილ თამარ ბაჩალიაშვილს სამსახურში არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, განაცხადა კომპანია „ზეგის“ (ZAG) დირექტორმა თამარ კობერიძემ.
23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონში, საკუთარ მანქანაში დღეს აღმოაჩინეს. როგორც გოგონას ოჯახის ახლობლები აცხადებენ, მას თეთრიწყაროს რაიონთან არაფერი აკავშირებდა.
კობერიძის განცხადებით, ბაჩალიაშვილი კომპანიის „ზეგის“ თანამშრომელი იყო და სხვადასხვა პროექტზე მუშაობდა.
„ვართ „აუთსორსინგ“ კომპანია, თამუნა იყო მშვენიერი თანამშრომელი, არანაირი პრობლემა არ ჰქონდა. მუშაობდა სხვადასხვა პროექტზე. არაფერი განსხვავებული არ ხდებოდა“, – აღნიშნა კომპანია „ზეგის“ დირექტორმა.
კობერიძის განცხადებით, კომპანია პანდემიის დაწყებიდან მუშაობის ონლაინრეჟიმში გადავიდა, ბაჩალიაშვილის ბოლო პროექტი კი თანამშრომლებისთვის ონლაინსისტემის შექმნას მოიცავდა. თამარ ბაჩალიაშვილი, რომელიც ამავე დროს თსუ-ს სტუდენტიც იყო, ასევე მუშაობდა მეორე უცხოურ კომპანიაში - SpryFlash.
„ყველა ჩვენგანისთვის მისი გაუჩინარება არის ამოუხსნელი. თამუნა 2017 წელს შემოგვიერთდა როგორც სტაჟიორი და მას შემდეგ ბევრი წინსვლა ნახა ჩვენთან. ვიცნობთ როგორც ძალიან კარგ თანამშრომელს. მან წინა კვირას შეგვატყობინა, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული არ ყოფილა ჩემთვის გასაკვირი, რადგან ბოლო წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ჰქონდა ნათქვამი, რომ მისთვის რთული იყო თან სწავლა და თან ორ სამსახურში მუშაობა“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
მანამდე კომპანიის დირექტორმა გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ შპს „ზეგ“ არის IT (პროგრამული უზრუნველყოფა) კომპანია და საქართველოში უკვე ხუთი წელია არსებობს.
„ვმუშაობთ ექსკლუზიურად ამერიკაზე და საქართველოს ბაზართან არანაირი შეხება არ გვაქვს, შესაბამისად, პიარიც არ გვჭირდება და მაღალი ცნობადობაც არ გაგვაჩნია. ალბათ ამ ბოლო დროს ხშირად გაგვიგია ყველას სიტყვა აუთსორსინგი. დამკვეთი კომპანია თავის ქვეყანასთან შედარებით დაბალ ფასად უკვეთავს პროექტს შემსრულებელს, რომელიც არაა სავალდებულო გეოგრაფიულად იქვე იყოს და ასე მარტივად საქმდებიან განვითარებად ქვეყნებში ადამიანები“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გამომძიებლებმა გოგონას კომპიუტერის გახსნა მხოლოდ მეხუთე დღეს შეძლეს. როგორც თამარის მამამ განაცხადა, გამომძიებლებმა რაღაც მნიშვნელოვანი აღმოაჩინეს კომპიუტერში, მარა რა კონკრეტულად, არ უთქვამთ. ცნობილია, რომ თამარს გარდაცვალებამდე ამ სამსახურის დატოვება სურდა.
ბაჩალიაშვილი სახლიდან საკუთარი ავტომობილით 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ოჯახის წევრებმა მაშინვე მისი ძებნა დაიწყეს. ვიდეოკამერამ მისი ავტომობილი ჯერ მარნეულთან დააფიქსირა, შემდეგ – თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშთან. თვითმხილველებმა ბოლოს ის ხაიშის მეზობელ სოფელ გოლთეთში შენიშნეს. ამის შემდეგ ბაჩალიაშვილის კვალი წყდება.
ბაჩალიაშვილის გაუჩინარების ფაქტზე საზოგადოებაში ბევრი კითხვა გაჩნდა, მათ შორის რატომ ვერ იპოვა პოლიციამ ხუთი დღის განმავლობაში მისი ავტომობილი, რომელიც გზიდან რამდენიმე ათეულ მეტრში იდგა, რამდენიმე კილომეტრში იმ სოფლიდან (გოლთეთი), სადაც ის ბოლოს დააფიქსირეს. მეტიც, მანქანა კარგად ჩანს დრონებიდან და ვერტმფრენიდან, რომლებიც გოგონას ძებნაში იყო ჩართული.
ოჯახმა და მათმა ახლობლებმა ძებნის გააქტიურებისა და გამოძიების დაჩქარების მოთხოვნით თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალი გადაკეტეს, მეორე დღეს კი გოგონა იპოვეს.