10:59 23 სექტემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.8267
  • 100 RUB4.2850
  • USD3.2537
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
153 0 0

ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ აღწერილი ფორმით ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ფიშინგი ეწოდება.

თბილისი, 3 ივლისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას ინტერნეტით განხორციელებული ოპერაციებისთვის ფინანსური სახსრების გამოყენების დროს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, ნათქვამია რეგულატორის განცხადებაში.

როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული, ბოლო პერიოდში დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც მომხმარებლებს სხვადასხვა ვებ-გვერდზე შესვლისას დახვდათ შეტყობინება სხვადასხვა სახის გათამაშებაში მონაწილეობის მიღებასთან დაკავშირებით, გარკვეული ფულადი თუ სხვა პრიზების მოგების დაპირებით. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში გათამაშების შესახებ ინფორმაცია საქართველოს ეროვნული ბანკის სახელითაც გავრცელდა. 

„გათამაშებაში მონაწილეობის მიღების ან შემდგომ პრიზების მისაღებად პირადი მონაცემების, მათ შორის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, ტელეფონის ნომრისა და სხვა პერსონალური ინფორმაციის მიწოდება მოითხოვებოდა. შეტყობინებებში დამატებით მითითებული იყო საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საპრიზო თანხის მონაწილისთვის გადარიცხვის შესახებ, რაც ცალსახად არასწორი ინფორმაციაა... ზემოაღნიშნული მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში არსებობს ამ ინფორმაციის მოპოვებით დაინტერესებული პირების მხრიდან სხვადასხვა თაღლითური ოპერაციის განხორციელების რისკი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ზემოთ აღწერილი ფორმით ინფორმაციის თაღლითური გზით მოპოვების სქემას ფიშინგი ეწოდება.

ფიშინგი წარმოადგენს კიბერდანაშაულს, რომლის დროსაც კონკრეტულ პირს ან ორგანიზაციას კიბერთაღლითის მიერ ეგზავნება შეტყობინება ელექტრონული ფოსტით, ტელეფონით, სოციალური ქსელით იმისთვის, რომ მომხმარებელს მოტყუების გზით პირადი მონაცემები გამოსძალოს.

ფიშინგის დროს ინტერნეტ-სივრცეში გავრცელებული სარეკლამო შეტყობინების ან ელექტრონული მეილის საშუალებით მიღებული ბმულის საშუალებით მომხმარებელი ყალბ ვებ-გვერდზე შედის/გადადის, სადაც პერსონალური ინფორმაციის გამჟღავნება კიბერთაღლითების მიერ ფინანსური ოპერაციების თაღლითური გზით განხორციელების რისკს ზრდის, აღნიშნულია განცხადებაში.

ეროვნული ბანკი მოქალაქეებს მიმართავს და ნებისმიერ გათამაშებაში თუ სხვადასხვა ორგანიზაციის ვებ-გვერდის/ინტერნეტ-ბანკის გამოყენებისას და ინტერნეტ-გადახდების განხორციელებისას მოუწოდებს, დაიცვან შემდეგი წესები:

1. არ გადასცეთ სხვა პირებს საკუთარი პირადი მონაცემები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ფინანსური ოპერაციების უნებართვო განხორციელება; 

2. გადაამოწმეთ ვებ-მისამართი. ფინანსური მომსახურების გამოყენებამდე შეამოწმეთ ის ვებ-მისამართი, სადაც აპირებთ მონაცემების შეყვანას;

3. უკიდურესი სიფრთხილით მოეკიდეთ სოციალურ ქსელებში არსებულ ფინანსურ შემოთავაზებებს;

4. შეაფასეთ ვებ-გვერდის შიგთავსი. ყალბი ვებ-გვერდის შექმნისას დიდი ყურადღება და რესურსი ეთმობა იმას, რომ ის ნამდვილი, ოფიციალური ვებ-გვერდის მსგავსი იყოს; 

5. გადაამოწმეთ ვებ-გვერდის მფლობელი. ინტერნეტში შესაძლებელია WHOIS მომსახურების ვებ-გვერდის მოძიება, სადაც მომხმარებელს კონკრეტული ვებ-მისამართის ნამდვილობის გადამოწმება შეუძლია;

6. გადახდის სანდო წყარო. ოფიციალური ვებ-გვერდი მომხმარებელს ყოველთვის მოსთხოვს გადახდის განხორციელებას საგადახდო ბარათის ან ოფიციალური პორტალის მეშვეობით. თუ ვებ-გვერდი, რომელზეც მომხმარებელი იმყოფება, იძლევა გადახდის მხოლოდ ერთ მეთოდს, ეს, დიდი ალბათობით, ყალბი ვებ-გვერდია. 

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მომხმარებელს შეუძლია დარეკოს „ცხელ ხაზზე" – 2 406 406. 

მთავარი თემები