თბილისი, 28 ივნისი - Sputnik. დანაშაულის სიმძიმიდან და სპეციფიკიდან გამომდინარე, ბრალდებულების პიროვნებების გათვალისწინებით, პროკურორი დავით ყაზარაშვილი 17-ვე დაკავებულის პატიმრობაში დატოვების გადაწყვეტილებას მართებულად მიიჩნევს.
დღეს მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის არგუმენტები პატიმრობის დასაბუთებასთან დაკავშირებით, გაიზიარა პროკურორის შუამდგომლობა და 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 26 ივნისს დაკავებული 17-ვე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენა.
„არსებობდა როგორც მიმალვის, ასევე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, არსებობდა მტკიცებულებების განადგურების საფრთხე. ეს ყველაფერი გამომდინარეობს საქმის მასალებიდან“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.
ყაზარაშვილმა ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ ბრალდებულები ბოლომდე არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან, მომხდარის შესახებ სრულყოფილ ინფორმაციას არ აწვდიან.
„ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც არ არის მათ ჩვენებაში“, - განაცხადა მან.
პროკურორის თქმით, გამოძიება გრძელდება, რადგან გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზი ისევ დაუდგენელია.
„ჯერ არ გვაქვს მიღებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც უმნიშვნელოვანესია ამ საქმისთვის. ამ დასკვნის მიღების შემდგომ უკვე მეტი გარემოება გაირკვევა, თუმცა დღესაც გრძელდება გამოძიება. თუ გაიზრდება ბრალდებულთა წრე, გაიგებთ მომავალში“, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა.
შაქარაშვილის საქმეზე დაიკითხა დაახლოებით 60 ადამიანი, ჩატარებულია 750 საგამოძიებო მოქმედება, ამოღებულია ვიდეოჩანაწერი - ამას პროკურატურის მონაცემები მოწმობს.
ბრალდებულების ადვოკატები მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.
იურისტები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა.
„ძალიან სამწუხაროა, რომ კვლავ შერჩევითი სამართლის ქვეშ ვართ და ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები, უწევთ იმის მტკიცება, რომ ამ მძიმე ტრაგედიაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღიათ. ჩვენ ყველანაირ სამართლებრივ ბერკეტს გამოვიყენებთ, მათ შორის ვაპირებთ, რომ აღკვეთის ღონისძიების საკითხი გავასაჩივროთ სტრასბურგის სასამართლოში“, - განაცხადა ორი ეჭვმიტანილის ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.
მან ასევე ჟურნალისტების ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ მოსამართლეს ხმა შეეცვალა და პრაქტიკულად გადაწყვეტილების გამოცხადების დროს „ხმა აუკანკალდა“. რაც, კობაიძის თქმით, ზეწოლაზე მიანიშნებს.
საქმეზე წინასწარი მოსმენა 31 ივლისს არის ჩანიშნული.
გამოძიების ვერსიით, 18 ივნისს შაქარაშვილი მეგობართან ერთად ესწრებოდა მცხეთაში დაქირავებულ კერძო სახლში გამართულ წვეულებას, სადაც ერთ-ერთი გოგონას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ. წვეულებაზე სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა. ურთიერთობების გარჩევა ქალაქისკენ მიმავალ ტრასაზე გაგრძელდა, სადაც კონფლიქტის მონაწილეთა ნაწილმა თბილისიდან „დახმარება“ გამოიძახა.
გიორგი შაქარაშვილის საქმე: ერთ-ერთ დაკავებულს ბრალი წარუდგინეს >>
მოწმეები ამტკიცებენ, რომ გიორგიმ გარჩევის ადგილი დატოვა და მდინარისკენ გაეშურა, შემდეგ კი მისი კვალი იკარგება. ახალგაზრდა ფეხბურთელის ცხედარი ოთხი დღის ძებნის შემდეგ 22 ივნისს მაშველებმა და მყვინთავებმა იპოვეს.