თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. აპრილის თვეში, როდესაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი და მკაცრი შეზღუდვები მოქმედებდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქვეყანაში კრიმინალმა 37,39%-ით იკლო, ნათქვამია შსს-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.
COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, თუმცა ყველა მკაცრი შეზღუდვები აპრილის თვეში ამოქმედდა - შემდგომში აკრძალვები ეტაპობრივად იხსნებოდა.
აპრილში რეგისტრირებულია 3 493 დანაშაული, საიდანაც მხოლოდ 18,06% გაიხსნა.
საქართველოში ყველაზე გავრცელებულ დანაშაულად ისევ ქურდობა რჩება - აპრილში 1 029 მსგავსი დანაშაული დაფიქსირდა.
მეორე ადგილზეა ოჯახური ძალადობა (370 შემთხვევა თვეში). მიუხედავად იმისა, რომ აპრილში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი თვითიზოლაციაზე სახლში იმყოფებოდა, საქართველოში ოჯახური ძალადობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,2%-ით შემცირდა.
მესამე ადგილზეა თვითმკვლელობამდე მიყვანა. სტანდარტული პროტოკოლით, ეს მუხლი აღიძრება ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში, ძალადობის რაიმე ნიშნების გარეშე. ექსპერტიზის შემდეგ ხშირად საქმის გადაკვალიფიცირება ხდება.
აპრილში სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა ამ მუხლით 242 საქმე აღძრეს, რაც 2019 წლის აპრილთან შედარებით 8%-ით მეტია.
შემცირდა თუ არა დანაშაული საქართველოში
თუ 2020 წლის იანვარ-აპრილში ჩადენილი დანაშაულის რაოდენობას შევადარებთ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან, ეს ციფრი 16,3%-ით შემცირდა და ოთხ თვეში 19 340 დანაშაულს შედგენს.
ამ პერიოდში გაიზარდა ისეთი დანაშაულის რაოდენობა, როგორიცაა მკვლელობა, თვითმკვლელობამდე მიყვანა, მკვლელობის მცდელობა და თავისუფლების უკანონო აღკვეთა.
ამავე დროს შემცირდა ძარცვები, იარაღთან და ნარკოტიკთან დაკავშირებული დანაშაული, ტრანსპორტზე მომხდარი დანაშაული, ოჯახური ძალადობა და საჯარო მოხელის მიერ ჩადენილი დანაშაული.
ყველაზე ხშირად ჩადენილია ქურდობა და ოჯახური ძალადობა.
რამდენი დაისაჯა?
1 იანვრიდან 30 აპრილამდე სხვადასხვა დანაშაულისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიეცა 4 939 პირი, საიდანაც 711 პირობით სასჯელს იხდიდა. აქედან 1 844 დააკავეს თბილისში.
2 130 ბრალდებულისთვის საქმე წინასწარი პატიმრობით დასრულდა, დანარჩენებისთვის - გირაოთი გათავისუფლებით.