აფეთქება გაზის სადგურზე: ამაშუკელის ქუჩაზე დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა

© photo: Sputnik / Stringerპოლიციის ლენტი
პოლიციის ლენტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უბედური შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც 39 წლის მამაკაცი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში  ტერიტორიის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა.

თბილისი, 6 ივნისი - Sputnik. თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე დენის დარტყმის შედეგად დაშავებული ექსპერტ-კრიმინალისტი გარდაიცვალა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არ გადაკვეთო შემთხვევის ადგილი! - Sputnik საქართველო
სახიფათო გაზგასამართი სადგური: ამაშუკელის ქუჩაზე ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა

ნუცუბიძის პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება 2 ივნისს მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. მეორე დღეს  39 წლის ექსპერტ-კრიმინალისტი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა. მას დენმა დაარტყა და  ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო. იგი ამ დრომდე  ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო  შეერთებული.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თბილისის საექსპერტო სამსახურის ექსპერტ-კრიმინალისტის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და ახლობლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით: ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევა. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0