თბილისი, 3 ივნისი – Sputnik. თბილისში, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე, სადაც გუშინ აფეთქება მოხდა, ექსპერტ-კრიმინალისტს დენმა დაარტყა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
ნუცუბიძის პლატოზე, ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება 2 ივნისს მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაშავდა. დღეს 39 წლის ექსპერტ-კრიმინალისტი საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში ადგილის დამატებით დათვალიერებას ახორციელებდა, რა დროსაც უბედური შემთხვევა მოხდა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მამაკაცი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანა. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა – მამაკაცი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
როგორც ცენტრის დირექტორმა ნათია ნუცუბიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, როდესაც პაციენტი კლინიკაში შეიყვანეს, მას გული ჰქონდა გაჩერებული.
„დღეს, 14:00 საათზე 39 წლის მამაკაცი ელექტროტრავმით შემოიყვანეს. მამაკაცს გული ჰქონდა გაჩერებული. შემოყვანიდან ათი წუთის განმავლობაში ფიბრილაციის გზით გულის მუშაობის აღდგენა შევძელით. ამჟამად მამაკაცი იმყოფება ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე სამკურნალო დაცვითი სედაციის ქვეშ. ამ მდგომარეობაში რამდენიმე დღე იქნება, შემდეგ კი მისი გაღვიძების პროცესს დავიწყებთ. იგი მართვით სუნთქვაზე სტაბილურად მძიმე მდგომარეობაშია“, – განაცხადა ნუცუბიძემ.
შსს-ს ცნობით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით: ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტებზე უსაფრთხოების წესების დარღვევა. ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ორ წლამდე ვადით ან ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.