თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურში მომხდარი მკვლელობის შემდეგ სავარაუდო დამნაშავემ დაურეკა მოკლულის დეიდას და უთხრა, რომ „შური იძია“, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
სავარაუდოდ, მკვლელობის მოტივი ვალი იყო.
26 წლის ავთო კალანდაძე სანადირო თოფიდან ორი გასროლით მოკლეს. ცნობილია, რომ ის „საქართველოს ბანკში“ მუშაობდა. თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო უკვე თვენახევარი მშობლიურ სოფელში იმყოფებოდა.
მოკლულის ახლობლები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, რომ ავთო იყო ძალიან განათლებული და წესიერი ახალგაზრდა.
„უგანათლებულესი, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კავკასიის უნივერსიტეტი დაამთავრა. მუშაობდა, არ ეწეოდა, არ სვამდა, ცუდი არაფერს არ აკეთებდა“, - აცხადებს გარდაცვლილის ნათესავი.
სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია. მედიის მონაცემებით, საუბარია ბაღდათის მუნიციპალიტეტის მკვიდრზე, რომელიც ოჯახის ახლობელი და მოკლულის დის ნათლიაა. საქმე ოჯახებს შორის გარკვეულ ფინანსურ დავას უკავშირდებოდა. ასევე, მკვლელობიდან მალევე, დამნაშავე ავთო კალანდაძის ოჯახს ტელეფონით დაუკავშირდა და მშობლებს მოკლული შვილის ფოტო გადაუგზავნა და განუცხადა, რომ საბოლოოდ იძია მათზე შური.
შსს-ს მონაცემებით, სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.