„გირჩმა“ საგანგებო მდგომარეობა გააპროტესტა – დაკავებულია პარტიის ლიდერი და აქტივისტები

© photo: Girchi"გირჩი"
გირჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს–ს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს აკრძალულია ნებისმიერი სახის შეკრება ან მანიფესტაცია.

თბილისი,  23 აპრილი – Sputnik. თბილისში გამართული აქციის მონაწილეები, რომლებიც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაუქმებას მოითხოვდნენ, პოლიციამ დააჯარიმა და დააკავა.

დაკავებულთა შორისაა პარტია „გირჩის“ დამფუძნებული და ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე.

აქცია დევიზით „მოდით, ერთად ვისეირნოთ“ პარტიის აქტივისტებმა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე გამართეს. აქციაზე 30–მდე ადამიანი მივიდა, რომლებიც ასევე ცდილობდნენ სოციალური დისტანციის დაცვას.

 „ვირუსი 22 მაისამდე არ გაქრება და ვაქცინას ვერ გამოიგონებენ. ადამიანები სამსახურის გარეშე დარჩნენ და ისინი შიმშილის ზღვარზე არიან“, – განაცხადა ჯაფარიძემ აქციაზე. 

პოლიცია და სამხედროები ბლოკპოსტზე - Sputnik საქართველო
„გირჩი“ საგანგებო მდგომარეობის წინააღმდეგ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს

პოლიციამ „გირჩის“ „სეირნობა“ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევად შეაფასა და ჯარიმები გამოწერა. თუმცა, აქტივისტების მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვისა და წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ, მათი დაკავება გადაწყვიტა.

ამ დროისთვის ცნობილია  ზურაბ ჯაფარიძის, ვახო მეგრელიშვილის, ლევან ჯგერენაიას, ვიტალი გეგუჩიასა და სხვების დაკავების შესახებ.

აქციის მონაწილეების დაკავების ფაქტს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უწყების ცნობით, პოლიციამ დააჯარიმა პარტიის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და 14 აქტივისტი – თითოეული 3 ათასი ლარით, სამი პირი კი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნების დაუმორჩილებლობისთვის დააკავა.

შსს–ში აღნიშნავენ, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს აკრძალულია ნებისმიერი სახის შეკრება ან მანიფესტაცია. შეკრებაში იგულისხმება ადამიანების ჯგუფის შეკრება შენობაში ან ქუჩაში, მიტინგი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სოლიდარობის ან პროტესტის გამოხატვის მიზნით.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კრონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 21 მარტს გამოცხადდა. 10 დღის შემდეგ ხელისუფლებამ  დაწესებული შეზღუდვების გამკაცრება გადაწყვიტა. დღეისთვის ქვეყანაში იკრძალება სამზე მეტი ადამიანის შეკრება, აუცილებელია ორმეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა, ღამით მოქმედებს კომენდანტის საათი.

აღნიშნული ზომების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 3 ათასი ლარის ოდენობით.

ყველა ახალი ამბავი
0