თბილისი, 11 აპრილი - Sputnik. „ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩი“ 13 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლოში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ზოგიერთ შეზღუდვას გაასაჩივრებს.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 21 მარტიდან 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და 21:00 საათიდან 06:00 საათიდან კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, აკრძალულია სამ კაცზე მეტი პირის შეკრება. გარდა ამისა, მოქმედებს მთელი რიგი სხვა შეზღუდვები.
საკითხები, რომელთა გასაჩივრებას აპირებს „გირჩი“:
- მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებული კარანტინის გამო გადაადგილების უფლების შეზღუდვა;
- სამზე მეტი ადამიანის შეკრების აკრძალვა საჯარო სივრცეში;
- ერთ ავტომობილში სამზე მეტი ადამიანის ყოფნის და წინ, მძღოლის გვერდით ჯდომის აკრძალვა;
- ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა.
საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირების 242 შემთხვევა ფიქსირდება. აქედან 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. ვირუსის გავრცელების თვალსაზრისით ქვეყანა შიდა გადაცემის ეტაპზეა გადასული. კახეთის გარდა, ვირუსი ყველა რეგიონში დაფიქსირდა. რამდენიმე რაიონში განსაკუთრებით მკაცრი ზომები მოქმედებს. მარნეულში, ბოლნისში, ცაგერში და ლენტეხში სრული საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. რაიონების შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტებია მოწყობილი. არ არის გამორიცხული, სხვა რაიონებიც ჩაიკეტოს.