თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. სამი წლის ბავშვი, რომელიც ბორჯომის ერთ-ერთი სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა, იაშვილის სახელობის თბილისის ცენტრალურ ბავშვთა საავადმყოფოში გადმოჰყავთ, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ კლინიკა Geo Hospitals-ში.
შემთხვევა ბორჯომში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვი ქუვეითის მოქალაქეა. იგი მშობლებთან ერთად ბორჯომში ისვენებდა.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ Geo Hospitals-ის ბორჯომის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას გამოკვლევები ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
„პაციენტს კომპიუტერულ-ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა თავისა და მუცლის ღრუს არეში. აღმოჩნდა მოტეხილობა, ამ წუთებში ვამზადებთ თბილისში გადასაყვანად, სადაც მკურნალობას პედიატრიულ კლინიკაში გააგრძელებს", – განაცხადა სამედიცინო ცენტრის მენეჯერმა ირაკლი დიასამიძემ.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.