მარნეულში 17 წლის გოგონა გაიტაცეს: დაკავებულია 21 წლის მამაკაცი

© Sputnik / Alexander Imedashviliპოლიციის განყოფილება
პოლიციის განყოფილება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში ჩავიდა და პირადად შეხვდა გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს

თბილისი, 15 თებერვალი – Sputnik. მარნეულში პარასკევს არასრულწლოვანი გოგონა ოთხმა მამაკაცმა გაიტაცა, ერთ-ერთი გამტაცებელი, 21 წლის მამაკაცი დაკავებულია, იუწყება შსს-ს პრესსამსახური.

გატაცებული მოზარდის მშობლები და ახლობლები გუშინ საღამოს მარნეულის პოლიციის განყოფილებასთან შეიკრიბნენ. მათ სამართალდამცველებს ულტიმატუმი წაუყენეს და გატაცებული მოზარდის დროულად გათავისუფლება მოითხოვეს.

გოგონა სოფელ ბაიდარიდანაა.

შემთხვევა სპორტულ ცენტრ „ატა ჰოლდინგის" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. 17 წლის გოგონა იმ დროს გაიტაცეს, როდესაც მოსამზადებელ კურსზე ერთ-ერთ რეპეტიტორთან მიდიოდა. შემთხვევის დროს არასრულწლოვანი ორ თანატოლთან ერთად იმყოფებოდა. თვითმხილველები ყვებიან, რომ 4 ახალგაზრდა მამაკაცი მათ თავს მოულოდნელად დაესხა და გოგონა ძალის გამოყენებით ავტომობილში ჩასვეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სამ თანამზრახველთან ერთად, მიმდინარე წლის 14 თებერვალს, ქალაქ მარნეულში, ქორწინების მიზნით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 2002 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. და შემთხვევის ადგილიდან ავტომობილით წაიყვანა“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
19 წლის გოგონას მოტაცება: გარდაბანში ციებ-ცხელება გრძელდება

სამართალდამცველებმა გ.მ. ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარნეულის მუნიციპალიტეტში დააკავეს, გოგონა კი საკუთარ სახლში დააბრუნეს.

გატაცებული გოგონას მეგობრების ინფორმაციით, გოგონასა და სავარაუდო დამნაშავეს კარგი ურთიერთობა არ ჰქონდათ და ისინი ხშირად კამათობდნენ.

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მარნეულში ჩავიდა და პირადად შეხვდა გატაცებული არასრულწლოვანი გოგოს მშობლებს, გატაცების თვითმხილველს და მარნეულის პოლიციის რაიონული სამმართველოს უფროსს.

„გატაცება განსაკუთრებული სისასტიკით მოხდა, თვითმხილველთა თქმით, არასრულწლოვანს თავზე ტომარა ჩამოაცვეს. იგი წინააღმდეგობას უწევდა გამტაცებლებს და დახმარებას ითხოვდა, თუმცა ვერავინ დაეხმარა. სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში არაეფექტურია სამართალდამცავი ორგანოების რეაგირება. აუცილებელია დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შემთხვევა ერთი კვირის წინ საგარეჯოს რაიონშიც მოხდა. 17 და 19 წლის ბიძაშვილებმა 16 წლის გოგონა გაიტაცეს. გამტაცებლები დააკავეს. მათ 7-დან 10 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0