05:48 28 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9545
  • 100 RUB4.3692
  • USD3.3164
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
გახმაურებული სასამართლო პროცესები (135)
102 0 0

ცოტნე გამსახურდია თურქეთის ამერიკულ კლინიკაში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ  იმყოფება და მისი მდგომარეობა სტაბილური და იმედისმომცემია.

თბილისი, 4 იანვარი — Sputnik. საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟის ცოტნე გამსახურდიას თურქეთში გამგზავრებასა და მკურნალობასთან დაკავშირებული საკითხები ფონდმა „ქართუმ“ გადაჭრა, დაწერა მისმა ძმამ  გიორგი გამსახურდიამ Twitter-ზე.

ცოტნე გამსახურდიას 19 დეკემბრის ღამით დაესხნენ თავს თბილისში, გალის ქუჩაზე და რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს როგორც ცივი იარაღით, ისე ბლაგვი საგნით. საავადმყოფოში მას იმავე ღამით ორი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ის კვლავაც კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში რჩებოდა. მოგვიანებით გამსახურდია თურქეთში გადაიყვანეს სამკურნალოდ.

ცოტნე გამსახურდია თურქეთის ამერიკულ კლინიკაში ექიმების ზედამხედველობის ქვეშ რჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმ-სპეციალისტთა დაკვირვება კიდევ ერთ თვეს გაგრძელდება.

გიორგი გამსახურდიას თქმით, თურქი ექიმების ინფორმაციით, ცოტნეს მდგომარეობა სტაბილურია და იმედისმომცემი.

„ჩემი ძმა, ცოტნე გამსახურდია თბილისში ადგილობრივი სამედიცინო მუშაკებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ადგილზე ამოწურული შესაძლებლობების შემდეგ, როგორც მოგეხსენებათ, სპეციალური თვითმფრინავით გადაყვანილ იქნა თურქეთის რესპუბლიკაში ერთ-ერთ ცნობილ და ძლიერ კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად. დაინტერესებულმა პირებმა რომ იცოდნენ, ყველა საჭირო პროცედურა შესრულებული იქნა ქართული სახელმწიფოს მიერ. შემდეგში, თურქეთში გამგზავრება და თურქეთში მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა საკითხი გადაჭრილ იქნა ფონდი „ქართუს“ მიერ“, - ნათქვამია  გიორგი გამსახურდიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი გამსახურდიამ აღნიშნულთან დაკავშირებით, ოჯახის სახელით მადლობა გადაუხადა პირადად ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ გიორგი გახარიას, რომელთანაც, მისი თქმით,  ახლო და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს, ასევე,  საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, შსს-სა და სუს-ის ხელმძღვანელობას, ჯანდაცვის სამინისტროს და ამ პროცესში ჩართულ ყველა პირს.

„რაც შეეხება იმ რამდენიმე კრიმინალსა და გარეწარს, დარწმუნებული ვარ, ქართული მართლმსაჯულება გასცემს სათანადო პასუხს“, – აღნიშნულია გიორგი გამსახურდიას წერილში.

ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ მომხდარიდან მეორე დღეს ხუთი პირი დააკავა.

ტატო ღარიბაშვილსა და გიორგი სოლოღაშვილს ბრალი სსკ-ის 19-109-ე მუხლის მეორე ნაწილის “ე” ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ხოლო დანარჩენ სამ პირს - პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს და კახა ჩხეტიანს ბრალი წარედგინათ სსკ-ის 376-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველა ბრალდებული პირი ცოტნე გამსახურდიას მეზობელია ან უბნელი, ხოლო ყუფარაძე მისი ბავშვობის მეგობარია.

თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები (135)

მთავარი თემები