თბილისი, 25 დეკემბერი - Sputnik. ექსპერტებმა ქობულეთის რაიონის სოფელ ჩაქვისთავთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში დაღუპული ხუთი პირიდან სამის იდენტიფიცირება მოახერხეს - ისინი სკოლის მოსწავლეები არიან, განაცხადა პირველი არხის ეთერით აჭარის განათლების მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
ტრაგედია ქობულეთში: ავარიას ხუთი ახალგაზრდა ემსხვერპლა >>
ავარია დღისით მტირალას ეროვნული პარკის მახლობლად მოხდა. ერთმანეთს შეეჯახნენ მსუბუქი და სატვირთო ავტომობილები. როგორც თვითმხილველები აღნიშნავენ, შეჯახების შემდეგ მსუბუქი მანქანა 10 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. მანქანის ყველა მგზავრი ადგილზე გარდაიცვალა.
„ამ ეტაპზე მიმდინარეობს იდენტიფიცირების პროცესი, უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამი მათგანი სკოლის მოსწავლე იყო, დანარჩენების წლოვანებაც დადგინდება”, - განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.
ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაღუპულთა შორის შესაძლოა უცხოელი ტურისტებიც ყოფილიყვნენ. მოგვიანებით მასმედიაში გაჩნდა ვერსია, რომ ხუთივე დაღუპული სკოლის მოსწავლე იყო.
სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 276-ე მუხლის მერვე ნაწილით, რაც გულისხმობს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“. დამნაშავეს ექვსიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.