ბავშვების პორნოგრაფიის საქმეზე კიდევ 11 პირი – მშობლები და პედაგოგი დააკავეს

© Pixabay / paologhediniპოლიცია დამნაშავეს აკავებს
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს სასჯელის სახით 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნებით ვაჭრობისა და მათი გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული მასალების უკანონოდ დამზადება-გასაღების ბრალდებით დანაშაულებრივი ჯგუფის კიდევ 11 წევრი – არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი დააკავეს, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ბრიფინგზე. 

მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო
მშობლების მიერ შვილების პორნოსესიებით ვაჭრობის საქმე: რას შეუფარდებენ დაკავებულებს

მანამდე, მიმდინარე წლის სექტემბერში ამავე საქმეზე არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით შსს-მ 11 ადამიანი დააკავა. დაკავებულთა შორის ორი უცხო ქვეყნის – აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქე იყო, დანარჩენები საქართველოს მოქალაქეები იყვნენ.

გამოძიების მიხედვით, ბრალდებულებს პორნოგრაფიული მასალების დამზადებაში თავიანთი არასრულწლოვანი შვილები ჰყავდათ ჩაბმული.

„მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეომასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით“, – განაცხადა ბორცვაძემ.

მშობლების გარდა ასევე დაკავებულია არასრულწლოვნების სკოლის პედაგოგი, რომელიც აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევაში და მიმდინარე წლის სექტემბერში დაკავებულ აშშ-ის მოქალაქეს დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებაში ეხმარებოდა.

უწყების ცნობით, არასრულწლოვნებით ვაჭრობის, ასევე პორნოგრაფიული ფოტოების წარმოება-რეალიზაციის ქსელი ერთობლივად გამოავლინეს საქართველოს, აშშ-ის, ავსტრალიის პოლიციამ, ასევე ევროპოლის წარმომადგენლებმა. პოლიციის ოპერაცია რამდენიმე თვე გრძელდებოდა.

ამ დანაშაულის ჩადენის ბრალდებით ამჟამად სულ დაკავებულია 22 პირი.

ბორცვაძის განცხადებით, დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით გრძელდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მესამე ნაწილით, 143-პრიმა-2 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღებას, ასევე ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს.

ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0