თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. პანკისის ხეობის სოფელ საკობიანოში ორი ოჯახის დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი - დაიჭრა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
გავრცელებული ინფორმაციით, თანასოფლელებს შორის დაპირისპირების მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა.
ურთიერთშელაპარაკება პანკისის ხეობაში ჰესის მშენებლობის საკითხზე დაიწყო.
ერთი ოჯახი ეთანხმებოდა სოფელში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას, ხოლო მეორე ოჯახი კი - ეწინააღმდეგებოდა.
დაჭრილები თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.
საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 21 აპრილს პანკისის ხეობაში სოფელ ბირკიანის მახლობლად, მდინარე ალაზნისპირას ჰესის სამშენებლო სამუშაოების დაწყება გადაწყვიტა. ამას ადგილობრივების პროტესტი მოყვა, რაც მალევე არეულობაში გადაიზარდა. მოსახლეობის აზრით ჰიდროელექტროსადგური, რომლისთვისაც მდინარის დიდ ნაწილს მილებში მოაქცევენ, სოფელს უწყლოდ დატოვებს და გარემოს იმდენად დააზიანებს, რომ მათ სახლების დატოვება მოუწევთ.
მოსახლეობის მწვავე საპროტესტო გამოსვლების შემდეგ, პანკისის სოფლის უხუცესებისა და მინისტრების შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ჰესის მშენებლობა არ განახლდებოდა, ვიდრე მოსახლეობის 90% არ იქნება თანახმა.
„ეს არ უნდა მომხდარიყო“ - პრემიერი პანკისში მომხდარ არეულობაზე საუბრობს>>
რამდენიმე კვირის წინ კი, სამშენებლო კომპანია „ფერი" სამუშაოების განახლებაზე ალაპარაკდა და ადგილობრივებთან კონსულტაციები დაიწყო.