ინვესტორებს საქართველოს მოსახლეობასთან დიალოგზე წასვლა მოუწევს

გამოწერა
ინვესტორებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის დიალოგის არარსებობა ენერგეტიკის მთლიანი სექტორის რეფორმირების საჭიროებაზე მეტყველებს

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოში შეიძლება გაჩნდეს კორპორატიულ-სოციალური პასუხისმგებლობა, რომელიც დაარეგულირებს ურთიერთობებს ინვესტორსა და მოსახლეობას შორის, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე.

„გვსურს მივაღწიოთ იმას, რომ ინვესტორი უფრო პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს და მხად იყოს დამატებითი ხარჯებისა და პროგრამებისათვის, რომლებიც მან მის მიერ დაბანდებული ინვესტიციების არეალში უნდა განახორციელოს. მეორეს მხრივ, მოსახლეობა უფრო მეტად იქნება ფოკუსირებული იმაზე, თუ რა წარმოადგენს კონკრეტულ საჭიროებას“, - განაცხადა თურნავამ.

რა მოხდა პანკისში? გიორგი გახარიამ განცხადება გააკეთა >>

მისი თქმით, მოსახლეობასა და ინვესტორებს შორის დიალოგი უსასრულოდ არ გაგრძელდება და დასრულდება ინვესტიციით, დამატებითი სამუშაო ადგილებით და კონკრეტული პროექტებით.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის კავშირების კუთხით რეფორმის საჭიროება მან მიმდინარე წლის აპრილში პანკისის ხეობაში შექმნილ სიტუაციაში დაინახა.

მამუკა ბახტაძე - Sputnik საქართველო
საქართველოს პრემიერმა პანკისის მოსახლეობას მიმართა

„ის, რაც პანკისში მოხდა, ძალიან სამწუხარო გაუგებრობა იყო. როცა მსგავსი ფაქტი ხდება, ძირითადი პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოს, ეკონომიკის სამინისტროსა და ეკონომიკის მინისტრის. ამ შექმნილ პრობლემაზე ჩემს პასუხისმგებლობას მეც ვგრძნობ. დავინახე დიდი გამოწვევა და საჭიროება მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმირების“, - განაცხადა თურნავამ.

მისი თქმით, პანკისში, ასევე სხვა ლოკაციებზე ცუდი კომუნიკაციის გამო საჭირო პროექტები დროულად არ ხორციელდება, ამან კი ენერგეტიკის სექტორის სწრაფი რეფორმირების საჭიროება აჩვენა.

ბოლოჯერ უთანხმოებამ ინვესტორსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის პანკისის ხეობაში არეულობა გამოიწვია. 21 აპრილს, როდესაც ხელისუფლებამ სოფელ ბირკიანის მახლობლად, მდინარე ალაზნისპირას „ხადორი 3“ ჰესის სამშენებლო სამუშაოების დაწყება გადაწყვიტა. ამას ადგილობრივთა პროტესტი მოჰყვა, რაც არეულობაში გადაიზარდა. მოსახლეობამ პოლიციელებს ქვები და კეტები დაუშინა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. შედეგად, დაშავდა 55 ადამიანი, რომელთა უმეტესობა შსს-ს თანამშრომელი იყო.

ყველა ახალი ამბავი
0