თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“, სადაც ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ჩვენება უნდა დაიწყოს, პოლიციაა მობილიზებული, იუწყება პირველი არხი.
ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წაუყენეს >>
უკვე მესამე დღეა, კინოთეატრებთან პოლიციელები მოქალაქეების უსაფრთხოებას იცავენ.
„ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ კინოლოგთა და გამნაღმველთა სამსახურები. ამასთან, ადგილზე არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. შსს ორგანიზატორებს და აქციის მონაწილეებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მოხდა სამართალდარღვევა, პოლიცია მიიღებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს“, – განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კახა ბუხრაძემ.
რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ისინი კინოთეატრებიდან მოშორებით იმყოფებიან. მათ შორის არიან ნაციონალისტური მოძრაობა „ქართული მარშის“ წარმომადგენლები, მორალისა და ქართული ტრადიციების დამცველის, ბიზნესმენ ლევან ვასაძის მომხრეები და სასულიერო პირები.
კინოჩვენება დღეს 19:30 და 22:00 საათზე გაიმართება.
8 ნოემბერს ქვეყნის ექვს კინოთეატრში იმართებოდა ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა, რომელიც არატრადიციული სიყვარულის ისტორიაზეა აგებული. თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ და „თბილისი გალერის“ ტერიტორიაზე კინოთეატრ „კავეას“, ხოლო ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ასობით აგრესიულად განწყობილი მოქალაქე შეიკრიბა, რომელთა მხრიდან რამდენიმე ინციდენტი მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი. თბილისში დააკავეს 25 ადამიანი, ბათუმში - სამი.
მეორე დღეს კინოჩვენებამ შედარებით მშვიდად ჩაიარა. კინომაყურებლები სეანსზე პოლიციის კორდონის გავლით შედიოდნენ, აქციის მონაწილეები კი ლოცულობდნენ.