თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. „ქართული მარშის“ ლიდერის, სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ რეჟისორის ლევან აკინის წინააღმდეგ მშობლები პროკურატურაში სარჩელის შეტანას გეგმავენ, იუწყება პირველი არხი.
პროტესტების ფონზე: სკანდალურმა ფილმმა კიდევ ერთი ჯილდო მიიღო >>
ბრეგაძის თქმით, რეჟისორმა ლევან აკინმა ფილმში ბავშვები მოტყუებით გადაიღო. მისივე თქმით, აღნიშნული ინფორმაცია თავად ფილმში გადაღებული არასრულწლოვნების მშობლებმა მიაწოდეს.
„დღეს ან ხვალ პროკურატურაში შევა სარჩელი, რომლის მიხედვითაც, ფილმში მონაწილე ბავშვების მშობლები მოითხოვენ საქმის აღძვრას რეჟისორ ლევან აკინის და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შემქმნელების მიმართ“, - აღნიშნა ბრეგაძემ.
„ქართული მარშის“ ლიდერის განმარტებით, საქმე ეხება 5-6 ბავშვს, რომლებიც ზაფხულში ლევან აკინმა მოტყუებით წაიყვანა ქალაქგარეთ და გადაიღო ისინი გარკვეულ სცენებში, რომლებიც ამ ფილმშია გამოყენებული.
„დამიკავშირდნენ არასრულწლოვნების მშობლები. ზაფხულში ლევან აკინმა პატარა ბავშვები მოტყუებით წაიყვანა ქალაქგარეთ და გადაიღო ისინი გარკვეულ სცენებში, რომლებიც არის ამ ფილმში გამოყენებული. ბავშვები მოატყუა, რომ ის იღებდა რაღაც საბავშვო ფილმს ქართულ ცეკვაზე და ამის შემდეგ ეს ბავშვები გამოიყენა თავის პროპაგანდისტულ ფილმში. ეს მშობლები მზად არიან, პროკურატურაში შეიტანონ სარჩელი“, - განაცხადა ბრეგაძემ.
ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“ ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება. მთავარ როლებში არიან ახალგაზრდა ქართველი მსახიობები ლევან გელბახიანი, ბაჩი ვალიშვილი და ანა ჯავახიშვილი.
ქართულ-შვედური კოპროდუქცია „და ჩვენ ვიცეკვეთ“ შვედეთმა ამერიკული კინოაკადემია „ოსკარის“ პრემიაზე წარადგინა.
მინსკის საერთაშორისო კინოფესტივალზე LISTAPAD ქართულ-შვედურმა ფილმმა „და ჩვენ ვიცეკვეთ“, რომლის ჩვენების წინააღმდეგაც პარასკევს თბილისსა და ბათუმში ხმაურიანი საპროტესტო აქციები გაიმართა, მორიგი ჯილდო მოიპოვა.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელმა, მსახიობმა ლევან გელბახიანმა ნომინაციაში „საუკეთესო მსახიობი კაცი“ გაიმარჯვა.
სკანდალური ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ მაყურებლებს ბათუმში კვერცხები ესროლეს - ვიდეო >>
8 ნოემბერს, თბილისსა და ბათუმში, ექვს კინოთეატრში ფილმის დაანონსებული პრემიერა დაგეგმილ დროს დაიწყო. თუმცა, თბილისში კინოთეატრ „ამირანის“ და „თბილისი გალერის“ ტერიტორიაზე კინოთეატრ „კავეას“, ხოლო ბათუმში კინოთეატრ „აპოლოს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ფილმის ჩვენების ჩაშლის მიზნით ასობით მოქალაქე შეიკრიბა, რომელთა მონაწილეობით რამდენიმე ინციდენტი მოხდა. კინოთეატრებთან გვიან ღამემდე პოლიციის გაძლიერებული ძალები იყო მობილიზებული. აქციაზე რამდენიმე ადამიანი დაშავდა, დაკავებულია 27 ადამიანი, ოთხ ინციდენტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
ორგანიზაცია „ქართული მარში“ 8 ნოემბერის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია.