თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. გვიან ღამით ფოთის მუნიციპალიტეტის ყოფილ მერს და ამჟამინდელ საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულიას, ასევე მასთან ერთად დაკავებულ სამ მოქმედ საჯარო მოხელეს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს, იუწყება პირველი არხი.
კაკულიას ადვოკატის ედიშერ ქარჩავას თქმით, ყოფილი მერი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ადვოკატი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე ჭორაობას ჰგავს და საფუძველსაა მოკლებული.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, ირაკლი კაკულიას ბრალდება რამდენიმე მუხლით წარუდგინეს. ერთი შეხედვით, რაც ბრალს გავეცანი, ეს უფრო ვარაუდებზეა დამყარებული, ვინაიდან ბრალდების მიხედვით, რაც მე გადმომეცა, ჯერჯერობით ვერ ვხედავ, რომ ირაკლი კაკულიას მიმართ რაიმე პირდაპირი მტკიცებულებები იყოს“, – აცხადებს ადვოკატი.
მისი თქმით, ბრალდება აბსოლუტურად დაუსაბუთებელია.
„საქმის მასალების გაცნობის შემდეგ, ჩვენ შევეცდებით, წარდგენილი ბრალდება სრულიად გავაბათილოთ. სამართლებრივი დავის გაგრძელებას ვგეგმავთ, ვეცდებით ირაკლისთან ერთად კვალიფიციურად, დასაბუთებულად დავამტკიცოთ, რომ ის არის სრულიად უდანაშაულო“, – განაცხადა ქარჩავამ.
გამოძიების ინფორმაციით, 2015 და 2017 წლებში ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გაფორმდა ორი ხელშეკრულება, რომლებიც ითვალისწინებდა ქალაქ ფოთში, მალთაყვის უბანში სანაპირო ზოლის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას. სამუშაოების მიმდინარეობისას კონტრაქტორი კომპანიების ხელმძღვანელებს შესრულებული სამუშაოების აქტებში შეჰქონდათ ყალბი მონაცემები შესრულებული სამუშაოების მოცულობებთან დაკავშირებით, რა გზითაც ისინი მოტყუებით ეუფლებოდნენ სახელმწიფო სახსრებს. საქმეზე ჩატარებული ექსპერტიზებით დადგენილია, რომ ერთ შემთხვევაში მოტყუებით დაუფლებულია 439 892 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 88 929 ლარი, ჯამში 528 821 ლარი.
უწყების ცნობით, გამოძიებით ასევე დადგენილია, რომ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები არ რეაგირებდნენ მწარმოებელი კომპანიების მხრიდან არსებულ დარღვევებზე და ხელმოწერით ადასტურებდნენ შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებს, რითიც ხელს უწყობდნენ კომპანიების ხელმძღვანელებს თაღლითური გზით თანხების დაუფლებაში. ასეთი სამსახურებრივი მფარველობის სანაცვლოდ, თავის მხრივ, ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა სამუშაოების შემსრულებელს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა თანხა – ჯამში 170 000 ლარის ოდენობით.
საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ საქმეზე გრძელდება გამოძიება და უახლოეს პერიოდში დადგება სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.
რამდენი „კორუფციონერი პარაზიტია" აჭარის მთავრობაში – ვინ დარჩება ბორტს მიღმა >>
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, 182-ე, 338-ე, 332-ე, 342-ე და 210-ე მუხლებით (მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებაში დახმარება, სახელმწიფო ქონების გაფლანგვა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სამსახურებრივი გულგრილობა და ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტის დამზადება-გამოყენება), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11-დან 15 წლამდე ვადით.