თბილისი, 27 ივლისი — Sputnik. პოლიციამ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე მობილური ტელეფონების ქურდობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
2001 წელს დაბადებული გ.მ ქურდობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს.
შსს–ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული 21 ივლისს ვაგონშემკეთებელი ქარხნის შენობაში გამართულ ელექტრონული მუსიკის ფესტივალზე ფარულად დაეუფლა მოქალაქეთა კუთვნილ მობილურ ტელეფონებს და სხვა პირად ნივთებს. პოლიციამ ახალგაზრდა დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში დააკავა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს მის მიერ 7 მოქალაქისგან მოპარული სხვადასხვა მოდელის მობილური ტელეფონები. მათ შორის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უკვე გაყიდული Iphone XR-ის მოდელის მობილური ტელეფონი.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულებს აღიარებს.
iTechnics-ის მაღაზიის გაქურდვის ფაქტზე ახალგაზრდები დააკავეს >>
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს ქურდობის ფაქტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი ზიანი მოჰყვა.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.