14:52 03 ივლისი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.4381
  • 100 RUB4.3310
  • USD3.0463
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (38)
123 0 0

დავით სარალიძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი მიხეილ კალანდიას ადვოკატი ამტკიცებს, რომ პროკურატურის ყველა მტკიცებულება ირიბია

თბილისი, 24 ივლისი - Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლო 2017 წლის დეკემბერში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის არსებით განხილვას შეუდგა.

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება >>

როგორც ცნობილია, თბილისის 51-ე სკოლის მოსწავლე, 16 წლის დავით სარალიძე 2017 წლის 1 დეკემბერს დანით მიყენებული მრავლობითი ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

კალანდია 2019 წლის 4 ივნისს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან მეორე დღეს დააკავეს. სასამართლომ დაადგინა, რომ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა პირთა ჯგუფმა და მანამდე მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებული გიორგი ჯანაშია ჯგუფური მკვლელობის თანამონაწილეობაში დამნაშავედ ცნო და 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამჟამად კალანდია, რომელიც ბოლო დრომდე საქმის მთავარი მოწმე იყო, დაკავებულია. პირველივე სასამართლო სხდომაზე კალანდიას ადვოკატმა აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, რომელიც სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა 150-მდე მოწმის გამოკითხვის ოქმი, ასევე ათობით წერილობითი მტკიცებულება და ვიდეოჩანაწერი, აღნიშნა პროკურორმა ბესიკ კვარცხავამ. 

„პროკურატურამ ვერ მიუთითა ვერც წერილობით მტკიცებულებაზე და ვერც კონკრეტულ მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც წარდგენილი ბრალის დადასტურებაში გამოდგებოდნენ... ჩვენებები არის ირიბი“, - განუცხადა კალანდიას ადვოკატმა ანა კოტეტიშვილმა ჟურნალისტებს.

მოზარდების მკვლელობის საქმე: მირზა სუბელიანი დამნაშავედ ცნეს >>

2017 წლის 1 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ დანაშაულის ჩადენისთვის მანამდე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. 2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გ.ბ. დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გ.ჯ. კი - სარალიძის მკვლელობის მცდელობაში.

მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის მიხეილ კალანდიას დაკავებას მუდმივად ითხოვდა დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელმაც საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში დაიწყო.

იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდია შესაძლოა დავით სარალიძის მკვლელობის მონაწილე ყოფილიყო, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგო კაპანაძემაც განაცხადა. ასეთი დასკვნის საფუძველი საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს კალანდია სარალიძისა და გ.ჯ.-ს გაშველების დროს სარალიძეს ხელს ურტყამდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვა 2019 წლის 3 ივნისს დასრულდა. სასამართლომ დაადასტურა გამოძიების ვერსია იმის თაობაზე, რომ გ.ჯ.-მ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა. რაც შეეხება გ.ბ.-ს, მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მკვლელობის თაობაზე უცვლელი დარჩა. შედეგად თითოეულ მათგანს 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (38)

მთავარი თემები