18:01 18 ივლისი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2178
  • 100 RUB4.5670
  • USD2.8687
მართლმსაჯულება

მკვლელობა ხორავას ქუჩაზე: მიხეილ კალანდია პატიმრობაში რჩება

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (28)
32 0 0

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

თბილისი, 12 ივლისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მიხეილ კალანდია, რომელსაც დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილეობა ედება ბრალად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მირზა სუბელიანმა საპატიმრო დატოვა>>>

სხდომაზე, რომელიც დახურულ ფორმატში გაიმართა, მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს. დაცვის მხარე პატიმრობის გირაოთი შეცვლას ითხოვდა, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

როგორც მოგვიანებით ბრალდების მხარემ განაცხადა, მოსამართლემ მიიჩნია, რომ საქმეში არსებობს საკმარისი მტკიცებულებები და იმის საფუძველი, რომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა არ უნდა შეცვლილიყო.

სასამართლოს მომდევნო სხდომა 24 ივლისს, 11:00 საათზე გაიმართება.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი მიხეილ კალანდია ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

მიხეილ კალანდიას ბრალი საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" და „ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის წარედგინა, რომელიც ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2017 წლის 1 დეკემბერს სისხლიანი გარჩევის შედეგად 16 წლის მოზარდები დაიღუპნენ – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივ ჩხუბს ემსხვერპლნენ. დადუნაშვილი შემთხვევის ადგილზე დაიღუპა, სარალიძე კი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამ დანაშაულის ჩადენისთვის მანამდე ორი არასრულწლოვანი დააკავეს. 2018 წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული გ.ბ. დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნო, გ.ჯ. კი სარალიძის მკვლელობის მცდელობაში.

მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის მიხეილ კალანდიას დაკავებას მუდმივად ითხოვდა დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე, რომელმაც საპროტესტო აქცია ჯერ კიდევ გასული წლის ივლისში დაიწყო.

იმის თაობაზე, რომ მიხეილ კალანდია შესაძლოა დავით სარალიძის მკვლელობაში მონაწილე ყოფილიყო, ამ მკვლელობასთან დაკავშირებით შექმნილი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ სერგო კაპანაძემაც განაცხადა. ასეთი დასკვნის საფუძველი საქმის პროკურორის ზვიად ფხაკაძის ჩვენება გახდა, რომელმაც განაცხადა, რომ ჩხუბის დროს კალანდია სარალიძისა და გ.ჯ.-ს გაშველების დროს სარალიძეს ხელს ურტყამდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოში ამ საქმის განხილვა 2019 წლის 3 ივნისს დასრულდა. სასამართლომ დაადასტურა გამოძიების ვერსია იმის თაობაზე, რომ გ.ჯ.-მ სარალიძის მკვლელობა ჩაიდინა. რაც შეეხება გ.ბ.-ს, მის მიმართ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მკვლელობის თაობაზე უცვლელი დარჩა. შედეგად თითოეულ მათგანს 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

 

თემები:
მკვლელობა ხორავას ქუჩაზე – საქმის ახალი დეტალები (28)

მთავარი თემები