თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ქობულეთის შემოვლით გზაზე ავარიაში დაშავებული შვიდი წლის გოგონა ნათესავებმა საქართველოდან საუდის არაბეთში წაიყვანეს, იუწყება პირველი არხი.
სისხლიანი სტატისტიკა – შსს-მ ავტოავარიების შესახებ ბოლო მონაცემები გამოაქვეყნა >>
ეს გოგონა ავარიაში მოხვედრილი ოჯახის ერთადერთი გადარჩენილი წევრია.
საზარელი ავარია 13 ივლისს ქობულეთი-ბათუმის გზაზე მოხდა. გოგონას მამა, 40 წლის მამაკაცი ადგილზე დაიღუპა, მისი მეუღლე და ერთი შვილი საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.
გოგონამ მკურნალობის კურსი ქუთაისის საავადმყოფოში გაიარა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე იძლეოდა ტრანსპორტირების საშუალებას, განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ.
„გოგონა ქუთაისში, რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ბოლო დღეებში მისი მდგომარეობა დასტაბილურდა, აღარ სჭირდებოდა მართვითი სუნთქვა... ორი დღის წინ, საუდის არაბეთიდან მას ნათესავებმა ჩამოაკითხეს, ქუთაისიდან თბილისის აეროპორტში რეანომობილით გადაიყვანეს. გოგონას მძიმე მოტეხილობები ჰქონდა, თუმცა ნათესავებმა გადაწყვიტეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, მას მკურნალობა საუდის არაბეთში გაეგრძელებინა“, – განაცხადა მიქელაძემ.
ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიაში ასევე პოლონეთის შვიდი და საქართველოს ორი მოქალაქე დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი სიჩქარის გადაჭარბება გახდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.