თბილისი, 24 მაისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული 16 წლის მ.შ.-ს სამოქალაქო მეუღლის მიმართ, იუწყება პირველი არხი.
გამოძიების მონაცემებით, არასრულწლოვანმა, 2002 წელს დაბადებულმა მ.შ.-მ ბავშვი სოფელ აღაიანში 21 მაისს, გვიან ღამით გაგუდა საწოლში და გაიქცა. პოლიციამ ის თბილისში იმ სასტუმროსთან დააკავა, სადაც გაქცევის შემდეგ გაჩერდა. გორის რაიონულმა სასამართლომ გოგონა განაჩენის გამოტანამდე პატიმრობაში დატოვა.
„მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ მ.შ. ორსულობის დადგომის დროისთვის იყო 16 წლის ასაკს მიუღწეველი, რაც შეიცავს საქართველოს სსკ-ის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს. შესაბამისად, გამოძიება ამ მიმართულებით უკვე აქტიურად მუშაობს", – ციტირებს პირველი არხი შსს-ს განცხადებას.
უკვე დანიშნულია გენეტიკური ექსპერტიზა, რომლის დასკვნის შემდეგ შსს მიიღებს გადაწყვეტილებას, აღძრას თუ არა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა მ.შ.-ს სამოქალაქო ქმრის მიმართ.
ამ დღეებში გაირკვა, რომ 2017 წლის სექტემბერში არასრულწლოვანი მ.შ.-ს მშობლებმა პოლიციას აცნობეს, რომ გოგონა სახლიდან წავიდა. პოლიციამ დაადგინა მისი ადგილსამყოფელი და გამოკითხა ის, მაგრამ დანაშაულის ფაქტი ვერ გამოავლინა.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის ოქტომბერში შსს-ს მიმართა არასრულწლოვანის მშობიარობის შესახებ, მაგრამ გამოძიება მაინც არ დაწყებულა.
ამ ეტაპზე, შეუსაბამო რეაგირების გამო, ერთი პოლიციელის უფლებამოსილება შეჩერებულია.
რაც შეეხება არასრულწლოვან ბრალდებულ მ.შ.-ს, სისხლის სამართლის საქმე მის მიმართ აღძრულია სსკ-ის 109-ე მუხლით („დამამძიმებელ გარემოებაში დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის ან უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობა"). დაკავებულს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ჩვილის გაგუდვა - ფსიქიატრიული ექსპერტიზა და საზარელი დეტალები>>
ოჯახის ახლობლებმა ჟურნალისტებთან აღნიშნეს, რომ გოგონა უკმაყოფილო იყო თავისი მდგომარეობით და ამბობდა, რომ შურს იძიებს ქმარზე და დედაზე. მათი თქმით, გაქცევის დროს გოგონამ სახლიდან ოქროს სამკაულები წაიღო.
შსს-მ ბრალდებულის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მ.შ.-მ ბრალი აღიარა, თუმცა მოგვიანებით მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.