თბილისი, 19 მაისი — Sputnik. სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ბრალდებით 1999 წელს და 2000 წელს დაბადებული ორი პირი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ინციდენტი გუშინ, 18 მაისს ზუგდიდში 87-ე საარჩევნო უბანთან მოხდა. უწყების ცნობით, ბრალდებულებმა ჭავჭავაძის ქუჩაზე ჰაერში რამდენჯერმე გაისროლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით უკვე ამოღებულია და დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-ტარების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღეს საქართველოს ცალკეულ რაიონებში არჩევნები ტარდება – მოსახლეობა აირჩევს როგორც ადგილობრივი საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ისე ქვეყნის პარლამენტის დეპუტატს.