თავდაცვის ექს-მინისტრ ბაჩო ახალაიას განაჩენი ძალაში დარჩა

© photo: Sputnik / Andrey Starostin / გადასვლა მედიაბანკშიმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ბაჩო ახალაიამ განაჩენის გასაჩივრებისთვის ქვეყანაში არსებული ყველა სასამართლო ინსტანცია ამოწურა.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო სარჩელი თავდაცვის ექს-მინისტრისა და  იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ბაჩო ახალაიას განაჩენის გადახედვასთან დაკავშირებით ე.წ. „ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეზე, რომლითაც მას 10 წლით პატიმრობა შეეფარდა, აღნიშნულია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 2014 წლის ოქტომბერში ახალაია თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და პატიმრების წამებაში დამნაშავედ ცნო, 2018 წლის ივლისში კი თბილისის სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული განაჩენი ძალაში დატოვა.

დათა ახალაიას განაჩენი ძალაში რჩება>>>

„ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე ახალაიას პატიმრობის ვადა 7 წელსა და 6 თვემდე შეუმცირდა.

„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმეში ასევე გადიოდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) ყოფილი თანამშრომლები ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი. სამი ადამიანის განზრახ მკვლელობისთვის თითოეულ მათგანს 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა. კიდევ ერთ ბრალდებულს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელ მეგის ქარდავას კი 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო
ბაჩო ახალაიას 9 წლით პატიმრობა მიესაჯა

„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ საქმე ორ ეპიზოდს მოიცავს. პირველი ეხება ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე 2006 წლის იანვარში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის დროსაც სამი ადამიანის ლიკვიდაცია მოხდა. მეორე კი პატიმრების ცემას. გამოძიებამ მაშინ განაცხადა, რომ ახალგაზრდები გეგმავდნენ ციხიდან პატიმრების მასობრივი გაქცევის ორგანიზებას.

„ნავთლუღის სპეცოპერაციის“ დროს მოკლეს მსჯავრდებულ გია გორგაძის ძმა შოთა გორგაძე, ასევე მისი ორი მეგობარი – მარად ართმელაძე და რომან სურმანიძე. სპეცოპერაცია ჩატარდა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ-ის) ყოფილი უფროსის დათა ახალაიას ხელმძღვანელობით.

გამოძიების ცნობით, სპეცოპერაციის დასრულების შემდეგ, რომელიც ერთობლივად დაგეგმეს ბაჩო და დათა ახალაიებმა, ბაჩო ახალაია და მეგის ქარდავა სპეცდანიშნულების რაზმთან ერთად №1 საპატიმროში მივიდნენ, სადაც არაადამიანურად აწამეს გია გორგაძე, ვალერიან პაპავა, მიხეილ მანდარია, მამუკა ბეჭვაია და ბერდია მესხი.

მთავარი პროკურატურის შენობა - Sputnik საქართველო
გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დათა ახალაიას 7,5 წლით პატიმრობა მიესაჯა

ამ მოვლენებს წინ უსწრებდა გია გორგაძის საუბარი ციხის დირექტორთან, რომელსაც გორგაძემ ერთ-ერთი პატიმრისგან ციხიდან გაქცევის შესახებ მიღებული ინფორმაცია გაანდო. ამის შემდეგ ახალაია პირადად შეხვდა ციხეში გორგაძეს და მოელაპარაკა იმის შესახებ, რომ მისი ძმა დახმარებოდა ციხიდან გაქცევის აღკვეთაში.

სააკაშვილის დროინდელ ჩინოვნიკს უკრაინაში შინაპატიმრობა მიესაჯა>>>

სპეცოპერაციის საქმეში ასევე ფიგურირებდა ბაჩო ახალაიას ძმა დათა ახალაია და კუდ-ის მეორე სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი დგებუაძე, მეტსახელად „მასტერა". დათა ახალაიას 12 წლით, დგებუაძეს კი 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. დათა ახალაია 2012 წლიდან საქართველოში არ იმყოფება და გამოძიებას ემალება, ხოლო დგებუაძე ჰოლანდიიდან საქართველოში იყო ექსტრადირებული 2016 წელს.

ბაჩო ახალაია 2012 წლის საპარლამენტო არჩევების შემდეგ ერთ თვეში დააპატიმრეს. ახალაიას სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე აქვს ბრალი წაყენებული. მათგან გაამართლეს ორ საქმეში – „სამხედროების წამება და არაადამიანური მოპყრობა“ და „სპეცრაზმელების წამება და დამამცირებელი მოპყრობა“. ერთ-ერთ საქმეზე – 2006 წლის „ციხის ბუნტის“ საქმეზე ახალაია ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შეიწყალა.

ყველა ახალი ამბავი
0