ბათუმში მოძრაობა აღდგა: ექიმმა უფლებამოსილება შეიჩერა

© Sputnik / Seyran Baroyanპოლიცია ბათუმში არეულობის დროს
პოლიცია ბათუმში არეულობის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა ქალბატონის გარდაცვალების საქმის გამოძიების შემდეგ მისი მკურნალი ექიმის მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება

თბილისი, 24 მარტი — Sputnik. სავარაუდოდ, ექიმების დაუდევრობის გამო გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა საპროტესტო აქცია მას შემდეგ შეწყვიტეს, რაც მისი მკურნალი ექიმის, ეკა ფუტკარაძის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ ინფორმაცია შეიტყვეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გარემოებათა დამთხვევის გამო, ექიმი და პაციენტი მოგვარეები არიან.

ღამის ბათუმი - Sputnik საქართველო
29 წლის გოგოს დაღუპვა: მომიტინგეები ბათუმის შესასვლელს და გასასვლელს პერიოდულად კეტავენ

სავარაუდოდ, ექიმების დაუდევრობის გამო გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა შაბათს საპროტესტო აქციას მართავდნენ და გადაკეტეს გზა თამარის დასახლებაში, რომელიც ბათუმსა და ქობულეთს აკავშირებს. გზის გახსნა პოლიციის ძალების გამოყენებით მოხერხდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ნიჟარაძემ განაცხადა, რომ ეკა ფუტკარაძემ სამედიცინო საქმიანობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„სანამ დასკვნა დაიდება, გადაწყვეტილება თავად ექიმმა მიიღო, რომ ჩამოშორდეს საქმიანობას. თუმცა მოთხოვნა რეგულირების სააგენტოში გაგზავნილია საქმის გამოძიების შესახებ, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძიება. დასკვნა როდესაც იქნება, დამნაშავე შესაბამისად დაისჯება”, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

მისი თქმით, მას სამედიცინო საქმიანობა შეჩერებული ექნება მანამ, სანამ საქმე დეტალურად არ იქნება შესწავლილი.

ამ გადაწყვეტილებამ დაღუპულის ახლობლები დააკმაყოფილა და მათ პროტესტი დროებით შეწყვიტეს.

ბათუმის საავადმყოფო - Sputnik საქართველო
ბათუმში გარდაცვლილი 29 წლის გოგოს ოჯახმა საავადმყოფოს ეზოში მდუმარე აქცია გამართა

„ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. მთავარი მოთხოვნა შესრულებულია, რომელიც ეკა ფუტკარაძის გადადგომას ითვალისწინებდა. თუ ეს ექიმი იქნება მართალი, დაუბრუნდება სამსახურს, თუ არა – წავა ციხეში, ჩვენ არ გავჩერდებით. ხვალ აქცია აღარ გვექნება”,- განაცხადა გარდაცვლილის ბიძამ, ზაურ დარჩიძემ.

ფუტკარაძე ბრმა ნაწლავის პერფორაციით და პერიტონიტით 21 მარტს გარდაიცვალა. მისი ახლობლების მტკიცებით, მან მუცლის არეში ტკივილებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, თუმცა ექიმებმა რაიმე საფრთხე ვერ დაინახეს და ახალგაზრდა ქალი გაწერეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი და მომხდარის უმოკლეს ვადაში გამოძიების ჩატარებას შეპირდა.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფუტკარაძეს სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული გამოკვლევა ჩაუტარეს. გაიმართა კონსულტაციები ქირურგთან და გინეკოლოგთან. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის „მუცლისა და მენჯის არეში ტკივილების“ დიაგნოზით სახლში გაწერეს.

ყველა ახალი ამბავი
0