29 წლის გოგოს დაღუპვა: მომიტინგეები ბათუმის შესასვლელს და გასასვლელს პერიოდულად კეტავენ

გამოწერა
ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის პერიოდულად შეხლა-შემოხლა მიმდინარეობს

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. სავარაუდოდ, ექიმების დაუდევრობის გამო გარდაცვლილი 29 წლის მელანო ფუტკარაძის ახლობლებმა ქალაქის გასასვლელთან გადაინაცვლეს და საპროტესტო აქციას ახლა იქ მართავენ.

თავდაპირველად ისინი მდუმარე აქციას მართავდნენ, თუმცა შემდეგ მომიტინგეებმა გზის გადაკეტვა სცადეს. ისინი პერიოდულად კეტავენ გზას თამარის დასახლებაში, რომელიც ბათუმსა და ქობულეთს აკავშირებს. პოლიცია ცდილობს წინააღმდეგობა გაუწიოს.

მოვლენებს Facebook-ის პირდაპირ ეთერში TV PalitraNews-ი აშუქებს.

ფუტკარაძე ბრმა ნაწლავის პერფორაციით და პერიტონიტით 21 მარტს გარდაიცვალა. მისი ახლობლების მტკიცებით, მან მუცლის არეში ტკივილებით ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოს მიმართა, თუმცა ექიმებმა საფრთხე ვერ დაინახეს და ახალგაზრდა ქალი გაწერეს.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს შეხვდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი კოტე ანანიაშვილი და მომხდარის უმოკლეს ვადაში გამოძიების ჩატარებას შეპირდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, მომიტინგეები არ იშლებიან და ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმის, ეკა ფუტკარაძის დაპატიმრებას მოითხოვენ. სწორედ მას მიმართა ახალგაზრდა ქალმა.

ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ფუტკარაძეს სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული გამოკვლევა ჩაუტარეს. გაიმართა კონსულტაციები ქირურგთან და გინეკოლოგთან. მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა, ის „მუცლისა და მენჯის არეში ტკივილების“ დიაგნოზით სახლში გაწერეს.

ამასთან, ეკა ფუტკარაძის უფლებამოსილება, მისივე ინიციატივით, დროებით შეჩერებულია, იუწყება პირველი არხი.

ყველა ახალი ამბავი
0