04:48 19 სექტემბერი 2019
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.2797
  • 100 RUB4.6131
  • USD2.9691
სახანძრო

14 თებერვლიდან შენობა-ნაგებობებს სახანძრო უსაფრთხოებაზე შეამოწმებენ

© Sputnik / Alex Shlamov
შემთხვევები
მოკლე ბმულის მიღება
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)
136 0 0

სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა დაექვემდებარება.

თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური 14 თებერვლიდან საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს, აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების შემდეგ სახანძრო უსაფრთხოების შემოწმებას დაექვემდებარა თითქმის ყველა შენობა-ნაგებობა და მნიშვნელოვნად გაიზარდა სანქციები.

რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად: მედია სტატისტიკას აქვეყნებს>>>

შემოწმება სამ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი შემოწმებისას მოხდება რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი. ხოლო მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამოქმედდება კანონით გათვალისწინებული სანქციები.

„სამსახური უფლებამოსილია, კრიტიკულად შეუსაბამო პირობების შემთხვევაში სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციის შეჩერება... სამსახურის ინტერესში არ შედის სანქციების გატარება, მთავარი ინტერესია – ყველგან დაცული იყოს მოქალაქეების სიცოცხლე", – აღნიშნულია განცხადებაში.

სააგენტოს განცხადებით, შემოწმებისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა სასტუმროებს (მათ შორის საოჯახო სასტუმროებს), სავაჭრო და გასართობ ცენტრებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ყველა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს.

სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. კერძოდ:

სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების დარღვევა ან შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განსაკუთრებული ხანძარსაწინააღმდეგო რეჟიმის მოქმედების პირობებში ჩადენა კი 1 ათასი ლარის ოდენობით;

▪ შიდახანძარსაწინააღმდეგო პირველადი საშუალებისთვის სახანძრო უსაფრთხოების დარღვევა – 1 ათასი ლარის ოდენობით;

• საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების, ხანძრის ავტომატური ქრობისა და სახანძრო სიგნალიზაციის არარსებობა – 1 ათასიდან 5 ათას ლარამდე;

• შენობა-ნაგებობასთან მისასვლელებისთვის დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევა – 1 ათასი ლარის ოდენობით;

• კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფების მიერ ხანძრის ჩაქრობის საქმიანობის წესებისა და მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა – 5 ათასიდან 10 ათას ლარამდე;

• სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევა – 1 ათასი ლარის ოდენობით;

• საგანგებო სიტუაციების დროს მოსახლეობის, მატერიალური და კულტურული ფასეულობების დაცვის უზრუნველსაყოფად საჭირო მოთხოვნების შეუსრულებლობა – 3 ათასი ლარის ოდენობით;

• წყალსადენის ქსელის მფლობელის ან ექსპლუატაციის გამწევი ორგანიზაციის მიერ სახანძრო ჰიდრანტების მოვლა-პატრონობისთვის დადგენილი წესების დარღვევა ან შეუსრულებლობა – 3 ათასიდან 5 ათას ლარამდე;

• საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფლებამოსილი პირისთვის ხელის შეშლა – 1 ათასი ლარის ოდენობით.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.

 

თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)

მთავარი თემები