თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის გაზაფხულზე ღამის კლუბებში რეიდების დაწყებამდე რვა დაკავებულიდან მეხუთე პირი ნარკოტიკების გასაღებაში დამნაშავედ ცნო, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბ.დ. 2018 წლის 11 მაისს თბილისში დააკავეს. მასთან ერთად იმავე დღეს ღამის კლუბებთან Cafe Gallery და Bassiani, ასევე კოსტავას ქუჩაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე ადამიანი დააკავეს, რის შემდეგაც ღამის კლუბებში რეიდები ჩატარდა.
შსს-ს ქმედებებით აღშფოთებული ახალგაზრდები ორი დღის განმავლობაში პარლამენტის წინ საპროტესტო აქციებს მართავდნენ. მათ პოლიცია ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს და ნარკოპოლიტიკის შერბილება მოითხოვეს.
პროკურატურის ცნობით, ბ.დ.-მ უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, ასევე „მდმა“-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 11 აბი და 1 აბის ნატეხი. ბ.დ.-მ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება - ტენამფეტამინის შემცველი 2 აბი, „მდმა“-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველი 3 აბი 700 ლარად 2018 წლის 24 მარტს, თბილისში, ღამის კლუბ „ბასსიანი“-ს შესასვლელთან, ხოლო 6 აპრილს, იმავე ღამის კლუბში, „მდმა“-ს შემცველი 5 აბი 750 ლარად უკანონოდ გაასაღა მოქალაქეზე. ბ.დ.-მ ასევე 31 მარტს, ღამის კლუბ „ხიდის“ შესასვლელთან 650 ლარად „მდმა“-ს შემცველი 3 აბი გაასაღა, ხოლო „მდმა“-ს და მეტამფეტამინის (მარილი) შემცველ 1 აბს მის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 9 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
შსს-მ ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების ახალი დეტალები გაამჟღავნა >>
მის წინააღმდეგ გამოძიება მიმდინარეობდა სსკ-ის 260-ე მუხლით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება), რაც 8-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.
სასამართლომ 18, 25 და 28 იანვარს განაჩენი გამოუტანა კიდევ სამ პირს, რომლებიც კლუბებსა და კლუბების მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკების გასაღების საქმეში ფიგურირებდნენ. სასამართლომ ბრალდებულები ნარკოტიკების გასაღებაში დამნაშავედ ცნო და 7 და 8 წლით პატიმრობა შეუფარდა.
რაც შეეხება დანარჩენ სამ დაკავებულს, მათი საქმეების გამოძიებაც დასასრულს უახლოვდება.