ინგლისის მიერ ძებნილმა შეფერდმა ქართული ციხე აირჩია

CC BY 2.0 / meesh / barring freedomციხის დერეფანი
ციხის დერეფანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
დიდ ბრიტანეთში 24 წლის გოგონას გაუფრთხილებლობით მკვლელობისთვის დაუსწრებლად გასამართლებულმა ჯეკ შეფერდმა საქართველოდან ექსტრადიციაზე უარი განაცხადა.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დიდი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეფერდის უარი სამშობლოში გამარტივებული წესით ექსტრადირების თაობაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия საქართველოს გენერალური პროკურატურის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

დიდი ბრიტანეთის შსს-მ დამნაშავის დაკავებაში დახმარებისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა>>>

დიდ ბრიტანეთში შეფერდს 24 წლის შარლოტა ბრაუნის გაუფრთხილებლობით მკვლელობა ედება ბრალად.

იმისთვის, რომ შეფერდის პოზიცია გაეგოთ, პროკურორებმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართეს. ქართულ მხარეს შესაბამისი თხოვნით  მიმართა დიდმა ბრიტანეთმაც.

„ადამიანმა კატეგორიული უარით გვიპასუხა. სასამართლო, მისი ადვოკატების პოზიციიდან გამომდინარე, დარწმუნდა, რომ მან საკუთარ ადვოკატებთან საფუძვლიანი კონსულტაცია გაიარა და ეს უარი ნებაყოფლობითია“, – განაცხადა მისამართლე გიორგი კერატიშვილმა.

პოლიციის შენობა თბილისში - Sputnik საქართველო
ბრიტანელი ძებნილი თბილისში პოლიციას თავად ჩაბარდა

შეფერდი საქართველოში 2018 წლის მარტიდან იმყოფება. მან დიდი ბრიტანეთი მას შემდეგ დატოვა, რაც გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.  ინგლისელმა ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ შარლოტას მამის შურისძიების ეშინოდა, რომელიც, შეფერდის სიტყვებით, უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა.

დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შეფერდი დამნაშავედ ცნო მკვლელობაში, რომელიც უხეში გაუფრთხილებლობის გამო იყო ჩადენილი და 2018 წლის ივლისში დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით პატიმრობა შეუფარდა. მასზე საერთაშორისო ძებნა მიმდინარე წლის 12 იანვარს გამოცხადდა.

ქართულ პოლიციას შეფერდი თავად ჩაბარდა – იგი პოლიციის განყოფილებაში ქართველი ადვოკატების თანხლებით 23 იანვარს გამოცხადდა.

თუ რა ელოდება შეფერდს, ამაზე საქართველოს გენერალური პროკურატურა საუბრობს.

„მას შემდეგ, რაც ჯ. შეფერდმა სასამართლო პროცესზე გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარი განაცხადა, მომავალში ბრიტანული მხარისათვის მისი გადაცემა სტანდარტული პროცედურით წარიმართება“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ინგლისი მკვლელობისთვის გასამართლებულ პირს საქართველოში ეძებს>>>

საექსტრადიციო მასალების 40 დღის ვადაში მიღებისა და შესწავლის შემდეგ საქართველოს გენერალური პროკურატურა ძებნილი პირის მის მომთხოვნ სახელმწიფოში (დიდი ბრიტანეთი) ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადასაწყვეტად „გონივრულ ვადაში“ შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს.

ექსტრადიციის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს უზენაეს სასამართლოში. შემდგომ დასაშვებობის საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება ეცნობება საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს, რომელიც ექსტრადიციის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს.

სამშობლოში გამარტივებული წესით ექსტრადირების თაობაზე უარი შეფერდის ადვოკატებმა იმით ახსნეს, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფს დიდ ბრიტანეთში შეიძლება საფრთხე დაემუქროს.

 INTERPOL - Sputnik საქართველო
ქართველი კრიმინალისტები ინტერპოლთან ერთად იმუშავებენ

რაც შეეხება საქმის დეტალებს, BBC-ს მონაცემებით, ინციდენტი 2015 წლის 8 დეკემბერს მოხდა, როდესაც შეფერდმა ბრაუნი პაემანზე დაპატიჟა. თავიდან ისინი რესტორანში წავიდნენ, შემდეგ კი მდინარე ტემზის სანაპიროზე გასეირნება გადაწყვიტეს. შეფერდმა ქალს მდინარეზე კატარღით გასეირნება შესთავაზა, რომელიც, მამაკაცის თქმით, მას ეკუთვნოდა. კატარღა, რომელსაც შეფერდი მართავდა, გაურკვეველი მიზეზით ხიდის კონსტრუქციას შეეჯახა, რის შედეგადაც ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი წყალში გადავარდნენ.

შეფერდმა გადარჩენა შეძლო, შარლოტა ბრაუნი კი მოგვიანებით მდინარეში გარდაცვლილი იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ქალი მდინარის ცივ წყალში დიდი ხნით ყოფნის გამო გარდაიცვალა.

საქართველოში შეფერდი თურქეთის გავლით შემოვიდა. იგი თბილისში ბაგებში ცხოვრობდა და აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა – სტუმრობდა სხვადასხვა ღონისძიებებსა და ღამის კლუბებს.

როგორც შეფერდმა დაკავებამდე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადა, დიდი ბრიტანეთის დატოვების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ შარლოტას მამის შურისძიების ეშინოდა, რომელიც დიდი ბრიტანეთის პენიტენციურ სისტემაში მუშაობს და გავლენიანი ფიგურაა.

 

ყველა ახალი ამბავი
0