თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პირობა დადო, რომ 16 წლის მოსწავლის დავით სარალიძის მკვლელი ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხს აგებს.
დავით სარალიძე ერთ-ერთია იმ ორი მოსწავლიდან, რომლებიც თბილისის ცენტრში მოზარდების სისხლიან გარჩევას შეეწირნენ.
დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე უკვე მერამდენე თვეა პარლამენტის წინ საპროტესტო აქციას მართავს და დანაშაულის ჩამდენი ყველა პირის დასჯას მოითხოვს. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბიჭის მკვლელი დღემდე თავისუფალია. ამჟამად საქმე სააპელაციო სასამართლოშია გადაცემული.
„ჩვენ გავაკეთებთ მაქსიმუმს იმისთვის, რომ სასამართლო პროცესი დასრულდეს და იყოს ის შედეგი, რომელსაც ოჯახი და მთელი საზოგადოება ელოდება. იყოს ობიექტური და ნდობის მაღალ ხარისხს იმსახურებდეს. ამისთვის პოლიცია აკეთებს და გააკეთებს ყველაფერს, თუმცა მესმის, რომ ეს არის ფუჭი სიტყვები მშობლებისთვის, მამისთვის...“, - განუცხადა ჟურნალისტებს გახარიამ.
ამასთან მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება მოზარდების დაღუპვასთან დაკავშირებით და მომხდარს „ჩვენი საზოგადოების ტრაგედია“ უწოდა.
მინისტრის თქმით, მას კარგად ესმის, რომ ვერცერთი ცვლილება, თუნდაც საკანონმდებლო, ვერ ანუგეშებს შვილმკვდარ მშობლებს.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საქართველოს სკოლებში კონტროლი გაამკაცრეს - გაზარდეს სკოლის მანდატურების უფლებამოსილება და შემოიღეს მოსწავლეთა უკონტაქტო ჩხრეკა აკრძალული ნივთების აღმოჩენის მიზნით.
მკვლელობის ისტორია
16 წლის მოსწავლეების დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსულ საქმედ იქცა. ორივე მოზარდი ხორავას ქუჩაზე 2017 წლის 1 დეკემბერს მომხდარი №51 და 1-ლი ექსპერიმენტული სკოლების უფროსკლასელების მასობრივი ჩხუბის შედეგად დაიღუპა.
დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში დანაშაულის ყველა ჩამდენი პირის დასჯის მოთხოვნით მასობრივი საპროექტო აქციები დაიწყო. დავითის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა, რომ მისი შვილის ნამდვილ მკვლელს ხელს აფარებენ, რადგან მას პროკურატურაში ნათესავები ჰყავს.
გახარია: „გამოვიყენებთ ყველა ინსტრუმენტს, გავაძლიერებთ შესაბამის დანაყოფებს“ >>
პროტესტის ფონზე საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა.
აქციები დროებით შეწყდა, როდესაც პარლამენტში შეიქმნა დროებითი საგამოძიებო კომისია, ხოლო შსს-მ ამ საქმის დეტალების დამალვასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და დააკავა სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი.
სამი თვის შემდეგ, მას მერე, რაც ვერც საპარლამენტო კომისიამ, ვერ შსს-მ სარალიძის იმედები ვერ გაამართლეს, მან პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია განაახლა.