თბილისი, 18 ნოემბერი – Sputnik. შაბათს ღამით კახეთში, სოფელ ნაფარეულთან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ავარიაში მოყვა, იუწყება პირველი არხი.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. მინისტრის მოადგილე მრავლობითი მოტეხილობით ჯერ თელავის მუნიციპალურ საავადმყოფოში, შემდეგ კი ის ინგოროყვას სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს მენეჯერი ხათუნა ჭონიაშვილი აცხადებს, მიხეილ გიორგაძეს აღენიშნებოდა გულ-მკერდის დახურული ტრამვა და ნეკნების მოტეხილობა.
ტელეკომპანია Imedi-ს ინფორმაციით, მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე რჩება.
სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სსკ-ის 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია“). მიმდინარეობს მომხდარის დეტალების გამოძიება.