თბილისი, 1 ნოემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა ქედაში მომხდარი აფეთქების ფაქტზე, რომელსაც ექვსი წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, თურქეთის სამი მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შემზარავი ფაქტი ქედის რაიონის სოფელ ჭინკაძეებში გუშინ, 31 ოქტომბერს მოხდა. ქვის კარიერის აფეთქების მომენტში ბავშვი საკუთარი სახლის ეზოში თამაშობდა, რომელიც კარიერიდან 100 მეტრით არის დაშორებული. აფეთქების შედეგად ასხლეტილი ქვა ბავშვს თავში მოხვდა, რის შედეგადაც ის ადგილზე გარდაიცვალა.
სოფელ ჭინკაძეების მცხოვრებლები რამდენიმე წლის განმავლობაში მოითხოვენ კარიერის დახურვას ან სხვა ადგილზე გადატანას. ისინი აცხადებენ, რომ კარიერზე აფეთქებების გამო მათი საცხოვრებელი სახლები ზიანდება.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 244-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ფეთქებადი ნივთიერების წესების დარღვევით გამოყენებას გულისხმობს და ითვალისწინებს ჯარიმას ან 6 თვიდან 2 წლამდე ვადით შინაპატიმრობას ან თავისუფლების აღკვეთას ვადით 2–დან 5 წლამდე.
შსს-ში არ გამორიცხავენ, რომ გამოძიების პროცესში, მტკიცებულებების მოპოვების შედეგად, შესაძლოა, სხვა პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც გამოიკვეთოს.