თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა ფაშისტური მოძრაობა „საქართველოს ეროვნული ერთობას“ ლიდერს, გიორგი ჭელიძეს, რომელსაც ბრალად ედება იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება, ნათქვამია სასამართლოს Facebook-გვერდზე.
უსაფრთხოების სამსახური ქართველი ფაშისტებით დაინტერესდა >>
დაცვის მხარე ბრალდებულისთვის 1000 ლარის ოდენობის გირაოს ითხოვდა.
„არსებობდა ბრალდებულის მიმალვის საფრთხე, მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, აღნიშნული დაასაბუთა ბრალდების მხარემ. შესაბამისად სასამართლომ გაითვალისწინა ყველაფერი და ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა“, — განაცხადა პროკურორმა გია შაიშმელაშვილმა.
ჭელიძეს ბრალი 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გუშინ წარედგინა.
პოლიციის ინფორმაციით, ბრალდებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის იარაღი და 28 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
სისხლის სამართლის საქმე მოძრაობის Facebook-გვერდზე ატვირთული ორი ვიდეოს საფუძველზე 31 აგვისტოს აღიძრა.
ორი ვიდეო სახელწოდებით „ფაშისტური კვირადღე“ ქსელში 30 აგვისტოს აიტვირთა. ერთ-ერთზე ნაჩვენებია, როგორ „ასუფთავებენ“ მოძრაობის წევრები შენობებს, ხოლო მეორეზე — ავტომატიდან სროლის საწყისები. თავად ჭელიძის გვერდზე გამოქვეყნებულია კიდევ ერთი ვიდეო სახელწოდებით „ფაშისტური კვირადღე" — ქართველი მამრი კვირაში მინიმუმ ერთ დღეს უნდა უთმობდეს სპორტულ და საბრძოლო მომზადებას".
წინასასამართლო სხდომა ჭელიძის საქმეზე 17 ოქტომბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.
ბრალის დამტკიცების შემთხვეაში გიორგი ჭელიძეს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
„საქართველოს ეროვნული ერთობის" შესახებ ქვეყანაში ლაპარაკი 13 მაისს დაიწყეს, როდესაც მისმა წევრებმა სხვა ნაციონალისტური ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად რუსთაველის გამზირზე კონტრაქცია მოაწყვეს. ისინი ემუქრებოდნენ ლიბერალურად განწყობილ ახალგაზრდებს, რომლებმაც პარლამენტის შენობის წინ პოლიციის მოქმედებების წინააღმდეგ და ნარკოპოლიტიკის შემსუბუქების მოთხოვნით მიტინგი მოაწყვეს. ნაციონალისტების აღშფოთება გამოიწვია აქციაზე ლგბტ–საზოგადოების მხარდამჭერმა განცხადებებმა. ამის შემდეგ ორგანიზაცია მედიის რადარებიდან გაქრა.