ესპანეთში სომხურ–ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი დააკავეს

© photo: AFP 2020 / NOEL CELISხელბორკილები
ხელბორკილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სპეცოპერაცია „კუში" 2010 წლიდან დღემდე ყოფილი საბჭოთა კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად შეფასდა.

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ესპანეთში მოქმედი სომხურ–ქართული კრიმინალური დაჯგუფების 129 წევრი, მათ შორის 7 „კანონიერი ქურდი" დააკავეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, სპეცოპერაცია სახელწოდებით „კუში-2" ესპანეთის რამდენიმე ქალაქში ერთდროულად განხორციელდა და მასში 800-ზე მეტი ესპანელი და ქართველი სამართალდამცველი მონაწილეობდა. სპეცოპერაციაში აქტიურად იყო ჩართული ინტერპოლი და ევროპოლი. აღნიშნული კრიმინალური დაჯგუფების გამოსავლენად გამოძიება რამდენიმე ეტაპად, ორწელიწად-ნახევრის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„აღნიშნული სპეცოპერაციის საშუალებით გამოვლინდა სომხურ–ქართული კრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც, ეროვნებით სომეხ „კანონიერ ქურდთან" ერთად, ძმები შუშანაშვილები ხელმძღვანელობენ", — ნათქვამია განცხადებაში.

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულები, ძირითადად, სომხური წარმოშობის პირები არიან. ამავე სპეცოპერაციის დროს მადრიდსა და ვალენსიაში დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, ეროვნებით ქართველი — 47 წლის პ. ჯ. და 44 წლის მ. კ.

ევროპოლი შტაბ-ბინა - Sputnik საქართველო
რაზე შეთანხმდნენ საქართველო და ევროპოლი

გამოძიების მიხედვით, ორივე მათგანი აქტიურად იყო ჩართული სომხურ–ქართული კრიმინალური დაჯგუფების კრიმინალურ საქმიანობაში. საქართველოს მოქალაქეებს გამოძიება კრიმინალური დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობასა და ფულის გათეთრებას ედავება.

სომხურ–ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრებს ბრალად ედებათ კრიმინალური დაჯგუფების წევრობა, ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება, საცხოვრებელ სახლებში უკანონო შეღწევა, ავტომობილებით უკანონო ვაჭრობა, თამბაქოს კონტრაბანდა, იარაღის უკანონო ფლობა, დოკუმენტაციის გაყალბება, თაღლითობა, გამოძალვა და კორუფცია სპორტულ გარიგებებში.

უწყების ცნობით, ესპანეთში ჩატარებული სპეცოპერაცია „კუში" ევროპოლმა და ინტერპოლმა 2010 წლიდან დღემდე ყოფილი საბჭოთა წარმოშობის საერთაშორისო ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებების წინააღმდეგ ჩატარებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებად შეაფასეს.

ყველა ახალი ამბავი
0