თბილისი, 7 მაისი — Sputnik. თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქის პროსტიტუციაში იძულების წესით ჩართვაში ბრალდებული 18 მოქალაქე დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
თურქმა სამართალდამცველებმა სპეცოპერაცია ადანის პროვინციაში ჩაატარეს, რომლებმაც ჩხრეკა სამ საცხოვრებელ სახლში განახორციელეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი და ფული. დაკავებულთა შორის არიან ოპოზიციური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები.
გამოძიებით დადგინდა, რომ ქართველი ქალები ადანის პროვინციაში მოტყუებით ჩაიყვანეს. მათ დაქორწინებას დაპირდნენ. დამნაშავეები ქალებს პიტბულის ჯიშის ძაღლებით აშინებდნენ და პროსტიტუციაში ჩართვას აიძულებდნენ.
ამ დროისათვის საქართველოს სამი მოქალაქე ადანის პროვინციის საიმიგრაციო ცენტრშია მოთავსებული, საიდანაც მათი საქართველოში დეპორტაცია მოხდება.