თბილისში 19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობის საქმეში 13 წლის შემდეგ ახალი დეტალები გაჩნდა, საქართველოს შსს-ს კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა ზაზა ბაქრაძემ მომხდარის შესახებ ისაუბრა.
ბაქრაძეს ბრალი ედება რობაქიძის საქმის ფალსიფიცირებაში, მაგრამ ის უცხოეთშია და გამოძიებას ემალება.
ამირან რობაქიძე საპატრულო პოლიციამ მოკლა 2004 წლის ნოემბერში, მიხეილ სააკაშვილი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის პირველ წელს. მკვლელობამ დიდი რეზონანსი გამოიწვია, ოპოზიციამ ეს საქმე „ხელისუფლების მიერ ფალსიფიცირებულ საქმეთა“ რიცხვს მიაკუთვნა. ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო.
საქმის არსი
ინციდენტის დროს, რომელიც თბილისში დიდუბის ეკლესიასთან 2004 წლის 23 ნოემბერს გვიან საღამოს მოხდა, BMW-ს მარკის ავტომობილში 6 ახალგაზრდა იმყოფებოდა — ამირან რობაქიძე, გიორგი წულუკიძე, ლევან ღონღაძე, პაატა ქიბართაია, ირაკლი მიქაბერიძე და კახაბერ აზარაშვილი.
შსს-ს პრესსამსახურის ტელეგადაცემა „პატრულის“ თანახმად, რომელიც ტელეარხ „რუსთავი 2“-ის (Rustavi2) ეთერში გადიოდა, პოლიციამ „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფი“ დააკავა, რომელთაგან ერთ-ერთი — 19 წლის ამირან რობაქიძე, წინააღმდეგობის გაწევის მცდელობისას მოკლულია, დანარჩენები — ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.
მოგვიანებით, გარდაცვლილის ოჯახის, მედიის, საზოგადოებისა და ოპოზიციის ზეწოლის შემდეგ დამტკიცდა, რომ ეს საქმე გაყალბებულია. პატრულმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა აღიარა, რომ მოკლა უიარაღო ადამიანი „შემთხვევით, გაუფრთხილებლობის გამო“. შედეგად, ბაშალეიშვილი პოლიციის რიგებიდან გარიცხეს და „იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო“ მას 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012 წელს საქმის განხილვა განახლდა. პროკურატურამ დაადგინა, რომ საქმის მასალები გაყალბებული იყო და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო დააპატიმრეს სამინისტროს პრესსამსახურის უფროსი გურამ დონაძე, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის ყოფილი უფროსი ირაკლი ფირცხალავა და შსს-ს მთავარი სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე ზურაბ მიქაძე.
ყველა მათგანი სასამართლო გირაოთი გაათავისუფლა. თუმცა მოგვიანებით ფირცხალავა სხვა გახმაურებული მკვლელობის ფაქტზე 12 წლით დააპატიმრეს.
რობაქიძის საქმეზე საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების მიზნით, ფირცხალავამ 2013 წლის თებერვალში მომხდარის ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნა და ამტიცებდა, რომ ის ორიგინალია. აშშ-ს FBI-ს მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ეს მონტაჟი იყო.
ბრალდებები კრიმინალური პოლიციის ყოფილ უფროს ზაზა ბაქრაძესაც წარუდგინეს, მაგრამ ის საქართველოს ფარგლებს გარეთ იმყოფება.
სასამართლო მოსმენები რობაქიძის საქმეზე დღესაც გრძელდება.
მოულოდნელი აღიარება
მრავალი წლის შემდეგ ბაქრაძემ ყველასათვის მოულოდნელად დუმილი დაარღვია და „სკაიპის“ მეშვეობით საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ინტერვიუ მისცა.
„თავიდან ბოლომდე ვეთანხმები წარდგენილ ბრალს. ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას მოხდა ის, რაც საზოგადოებამ უკვე იცის. საპატრულო პოლიციამ ახალგაზრდები გააჩერა, მათ შორის მცირე შეკამათება მოხდა და დამხმარე ჯგუფი გამოიძახეს, მათ შორის ბაშალეიშვილი, რომელმაც შემთხვევით გაისროლა და დაიჭრა ბუტა რობაქიძე, რომელიც სამწუხაროდ, ძალიან მალევე გარდაიცვალა“, — განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, როდესაც ის მომხდარიდან 40-50 წუთის შემდეგ ინციდენტის ადგილზე მივიდა, რობაქიძის მანქანაში არანაირი იარაღი არ ყოფილა. იარაღი შსს-ს მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა ზუბამ მიქაძემ მიიტანა და პოლიციელებს აიძულა დაედო ის ინციდენტის ადგილას. მეტიც, ერთ-ერთ ბრალდებულს მან ხელყუმბარა დაუდო.
მომხდარს კინოკამერაზე იღებდა შსს-ს პრესსამსახურის უფროსი გურამ დონაძე და მას ახლაც აქვს ეს ჩანაწერი, ამტკიცებს ბაქრაძე.
გარდა ამისა, ბაქრაძემ დაადანაშაულა დონაძე შანტაჟში და ამტკიცებდა, რომ ის ვიდეოს გასაჯაროებით იმუქრებოდა.
გურამ დონაძემ კი ბაქრაძე სიცრუეში დაადანაშაულა.
„ბაქრაძეს სიცრუეში ვამხელ და ამას პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით — სატელეფონო ანძის ჩანაწერებით დავამტკიცებ. გასროლა მოხდა 02:22 საათზე, ბაქრაზე კი ადგილზე 02:28 საათზე მივიდა“, — აღნიშნა დონაძემ.
მისი თქმით, ბაქრაძის ჩვენებები — პროკურატურის გეგმებია, რომელსაც მისი ბრალის დამტკიცება არ შეუძლია და ასეთ მტკიცებულებებს იყენებს.